თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და სიჯანსაღეზე, რაც, მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.