თბილისი (GBC) - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ოფიციალურად შეუერთდა Leading Utilities of the World (LUOW)-ს — წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალურ კავშირს.
“მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა პირველ რიგში ჩვენ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს და ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ ჯივიპიში არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წყალმომარაგების კომპანიებს, მთავრობებსა და ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში”, - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპი LUOW-ის წევრობაზე კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში იყო ნომინირებული. აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მათ შორის, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად წარმატებით დანერგა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, ხუთჯერ გაზარდა წყალმომარაგების ქსელების განახლების ინდექსი, გამოსცა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ბონდები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საოპერაციო მაჩვენებლები, მოამზადა წყალსადენისა და წყლარინების ქსელების განვითარების წინასწარი გეგმები, დანერგა წყალმომარაგების ქსელში წნევის რეგულირების საპილოტე პროექტი, გააუმჯობესა ენერგო ეფექტურობის მაჩვენებლები, შეამცირა წყალმომარაგების ქსელში წყლის დანაკარგები.
,,თბილისში სამ წლიანი ოპერირების შედეგად შევძელით ჯივიპი გამხდარიყო მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ქსელის - Leading Utilities of the World - წევრი. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ეფექტურად და მდგრადად მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სასმელი წყალი და გაუმჯობესებული მომსახურება”, - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს აფრიკისა და აზიის რეგიონალური დირექტორი.
ჯივიპიმ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.