თბილისი (GBC) - საქართველოს ყულევის პორტში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა გეგმავს, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის იმპორტზე, - ამის შესახებ ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მფლობელმა კომპანიამ, Black Sea Petroleum-მა (BSP) განაცხადა.

„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებს ექსკლუზიურად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი Black Sea Petroleum-ის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის მოგებიან ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საწარმოში გადამუშავებული ნავთობის მოცულობამ 650 ათას ტონას გადააჭარბა.

გარდა ამისა, BSP-მ გააფართოვა თანამშრომლობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაცია Honeywell-თან, რაც მოიცავს აღჭურვილობის მიწოდებასა და ავტომატიზებული მართვის სისტემების დანერგვას.

კომპანიამ ასევე დააანონსა წარმოების გაფართოების გეგმებიც.

„2027 წლის პირველ კვარტალში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა გეგმავს საგზაო ბიტუმის გამოშვების დაწყებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის, ხოლო მეორე კვარტალიდან - საავიაციო ნავთის წარმოებას“, - აღნიშნულია BSP-ს განცხადებაში.

ხობის მუნიციპალიტეტში, ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარე ყულევის ნავთობტერმინალს, რომელიც ათწლეულებია ფუნქციონირებს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ფლობს (ოპერატორი კომპანია „შავი ზღვის ტერმინალი“).

ტერმინალმა 2025 წელს 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები და ნავთობქიმიური პროდუქცია გადატვირთა, მიმდინარე 2026 წელს კი SOCAR-მა აქ გაფართოების სამუშაოები დააანონსა.

უშუალოდ ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ (ნგქ) ყულევში ფუნქციონირება 2025 წლიდან დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო. ქარხნის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ქართუ ბანკმა“.

2025 წლის ოქტომბერში რუსულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ (Проект) გამოაქვეყნა სტატია, სადაც ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მფლობელი ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების კავშირებზე ისაუბრა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობასთან. კერძოდ, მასალის მიხედვით, ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი პარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ მულტიმილიარდიან ნავთობისა და ლოგისტიკის ბიზნესებთან, ხოლო პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.

ამავე პერიოდში, 2025 წლის ოქტომბერში, ყულევის ახალაშენებულმა ქარხანამ ნედლეულის პირველი პარტია სწორედ რუსული კერძო კომპანია „რუსნეფტისგან“ (Русснефть) მიიღო. ორ თვეში, 2025 წლის 16 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „რუსნეფტს“, სხვა მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიებთან ერთად, საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

ექსპერტთა შეფასებით, Black Sea Petroleum-ის მიერ რუსულ ნავთობზე სრულად უარის თქმისა და ექსკლუზიურად არარუსულ ნედლეულზე გადასვლის გადაწყვეტილება სწორედ ამ საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებასა და დასავლურ, მაღალრენტაბელურ ბაზრებზე წვდომის შენარჩუნებას უკავშირდება.