თბილისი (GBC) - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიას სათავეში თინა ბოკუჩავა უდგას. ამასთან, როგორც ცნობილია, სიაში ჯამში 155 წევრი იქნება.
ცნობილია სიის პირველი 22 დეპუტატობის კანდიდატი, ესენი არიან:
- თინა ბოკუჩავა;
- გიორგი ვაშაძე;
- სოფო ჯაფარიძე;
- კობა ნაყოფია;
- გია ჯაფარიძე;
- პეტრე ცისკარიშვილი;
- გიგი წერეთელი;
- ირაკლი ხვადაგიანი;
- თამარ კორძაია;
- ირაკლი ფავლენიშვილი;
- კახაბერ ოქრიაშვილი;
- რამაზ ნიკოლეიშვილი;
- ეკა ხერხეულიძე;
- ლევან ხაბეიშვილი;
- ლაშა ბაქრაძე;
- ანა წითლიძე;
- ლევან ანთაძე;
- პაატა მანჯგალაძე;
- ლელა ჯეჯელავა;
- გუბაზ სანიკიძე;
- დიმიტრი ჩიქოვანი;
- გიორგი ჩალაძე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის სტატუსს არ კარგავს, ჯერ კიდევ შარშან ჩამოაყალიბა საერთო პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული გიორგი ვაშაძის პარტიაა, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 3,15% და ოთხი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.
მიმდინარე წლის ივლისში ამ ორი პარტიის ბაზაზე დაფუძნდა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელსაც რამდენიმე უპარტიო პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე შეუერთდა, მათ შორის: არმაზ ახვლედიანი,
თამარ კორძაია, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე.
2024 წლის 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „ერთიანობას“ შეუერთდა „ევროპული საქართველო“, რომელიც 2017 წელს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, „ევროპული საქართველო“ დატოვეს ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა და ახალი პარტია, „ფედერალისტები“ დააარსეს.
„ევროპულ საქართველოს“ ახლა გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე ხელმძღვანელობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ახალს“ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს მიმართა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება მოუწოდა.
„თავიდან ჩემი ინიციატივა იყო, ყველა გავერთიანებულიყავით. ნუ, რადგან ეს არ გამოდის, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ... „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ყველა ვარიანტში პირველ ადგილზე გავა, ეჭვი არ მეპარება“, - თქვა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას, რომელიც „7 ნოემბრის საქმეს“ ეხებოდა, თუმცა "ახალი" “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში არ შესულა.
ცნობისთვის, პარტია "ახალი" ნიკა გვარამიამ 2024 წლის მარტში დააფუძნა, რომელიც ახლა კოალიციაშია „კოალიცია ცვლილებისთვის“. სადაც "ახალთან" ერთად გაერთიანებულნი არიან: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, და „რესპუბლიკური პარტია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.