თბილისი (GBC) - „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მადისკრედიტებელ კამპანიაზე სოციალურ ქსელებში. ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და წალკისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქებში იმ საარჩევნო  უბნების შედეგები ბათილად ცნო, სადაც არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა, მალევე სოციალური მედიის პლატფორმებზე – ფეისბუქსა და ტიკტოკზე – მოსამართლის წინააღმდეგ მადისკრედიტებელი გზავნილების გავრცელება დაიწყო.

GBC გთავაზობთ ISFED-ის ბლოგს:

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე სოციალური მედიის პლატფორმებზე – ფეისბუქსა და ტიკტოკზე – მოსამართლის წინააღმდეგ მადისკრედიტებელი გზავნილების გავრცელება დაიწყო.

კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები (იმედი, Info9, ნიუსჰაბი, POSTV), ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ანგარიშები (ბრძენი კრიტიკოსი, სიმართლის დროა, რეალობა, მიხეილ განუბაჟებელი, პოლიტიკოსები 1 ლარიდან, @gigaiberieli, @newswavebuzz), პროსახელისუფლებო აქტორები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. აღსანიშნავია, რომ პოსტები დროის მცირე შუალედში, იდენტური გზავნილებით გავრცელდა.

ვლადიმერ ხუჭუას ბრალს ოპოზიციის მიმართ მიკერძოებაში სდებდნენ და მიუთითებდნენ, რომ მისი ცოლი ოპოზიციის მხარდამჭერია.

პროსახელისუფლებო აქტორები სოციალურ მედიაში ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხუჭუამ სწორედ მისი გავლენით მიიღო გადაწყვეტილება. მადისკრედიტირებელი შინაარსის პირველი პოსტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ტელეკომპანია „იმედმა” გამოაქვეყნა და დაარეკლამა.

„იმედთან“ ერთად, მსგავს ნარატივებს „POSTV-ის“ გვერდები, ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ტიკტოკ ანგარიშებიც ავრცელებდნენ. აღსანიშნავია, რომ „POSTV – ანალიტიკის“ გვერდმა და ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ანგარიშებმა ერთი და იგივე ვიდეო დროის მცირე მონაკვეთში გამოაქვეყნეს. ამასთანავე, დისკრედიტაციის მიზნით, „POSTV – ახალი ამბების“ გვერდზე მიუთითებდნენ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, დროს ხუჭუა პროკურორი იყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო აქტორებიც, მათ შორის, ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. ისინი, მოსამართლის გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მიზნით, ავრცელებდნენ გზავნილს, რომ აღნიშნული ქმედება „რადიკალური ოპოზიციის“ დავალება იყო.

ფეისბუქზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, გაავრცელა სტატუსი, რომელშიც გადაწყვეტილების ინიციატორად დასავლეთი იყო წარმოჩენილი. აღნიშნული განცხადება „Sputnik საქართველოს“ ტელეგრამ არხზეც გავრცელდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ხუჭუას ცოლი 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრობდა. აღნიშნული ვიდეო პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ, „ნიუსჰაბმა“, დაარეკლამა.

პოსტების ნაწილი სიძულვილის ენის შემცველი იყო. მათ შორის, ვრცელდებოდა სექსისტური და შეურაცხმყოფელი, გზავნილები. გამოქვეყნებულ პოსტებში, ძირითადად, მითითებული იყო, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მისმა ცოლმა მოახდინა გავლენა. ამასთანავე, მედიასაშუალებამ „POSTV“ ხუჭუას ოჯახის შესახებ ჰომოფობიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

სარჩელით, საია მოითხოვდა წალკის და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის ბათილად ცნობას, რადგან ამ უბენბზე დარღვეული იყო ხმის ფარულობა.

საუბარია 30 ელექტრონული უბნის შედეგებზე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაბათილდა წალკისა და თეთრიწყაროს ოქლებში შემავალი ყველა ელექტრონული უბნის შედეგები.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ სასამართლო დარბაზში ჩაატარა ექსპერიმენტი. მან მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება და დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.