თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში გუშინ, 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ "არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო და გამოძიებაზე, შემოწმებასა და გადამოწმებაზე ქვეყანაში პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ინსტიტუტები.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უძღვებოდნენ შესაბამის პროცესებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ წინა პარლამენტში შექმნეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მოიწვიეს ყველა პარტია, ყველა „ენჯეო", ყველამ განაცხადა უარი მონაწილეობაზე. კობახიძე აქვე სვამს კითხვას, "რატომ?" და თავისივე კითხვის საპასუხოდ განმარტავს: "იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად და რა თქმა უნდა, ამის აღიარება უფრო მკაფიოდ მოუწევდათ საგამოძიებო კომისიაში ჩართულობის პირობებში, ამიტომ აარიდეს თავი".

"ახლა პირდაპირ აცხადებდა გვარამია, რომ ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამაში მმართველ პარტიას და ეს არის მათი ველიო, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა, ამ პროცედურებში არ უნდა შევიდეთო, ვინაიდან სინამდვილეში იციან, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა. უფრო მეტიც, უბნები არ უნდა გავხსნათ, სიები არ უნდა გადავამოწმოთო, ამას ამბობდა პირდაპირ. თუ რამეს ეძებ იმ სიებსა და უბნებში, რატომ არ გინდა ამ ყველაფრის გახსნა?! იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცი, რაც დაგხვდება, დაგხვდება აბსოლუტურად სუფთა არჩევნები. ამიტომ ერიდებიან ასეთ რამეს, ტყუილში არ უნდათ საკუთარი თავის მხილება," - განაცხადა პრემიერმა.

რას ამბობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები?

ოპოზიციურმა პარტიებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ კი გუშინ, 31 ოქტომბერს, დააანონსეს 4 ნოემბერს რუსთაველზე საპროტესტო აქცია. როგორც პარტია "ლელოს" ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს "ძლიერი საქართველოს" , კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მათი მიზანი "შედეგზე ორიენტირებული გააზრებული აქციებია გამარჯვების დასაბრუნებლად".

მათი განცხადებით, შექმნილია საკოორდინაციო შტაბიც, რომელშიც ჩართვის და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა შესაძლებლობა საზოგადოების ყველა აქტიურ ჯგუფს ექნება. ამასთან, მათი თქმით, მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთანაც "გაყალბების სქემების" მიწოდებაზე. ასევე გამოვლენილი და დასჯილი იქნება ყველა ვინც ამ სქემებში მონაწილეობდა.