თბილისი (GBC) - საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. პროექტი Fojo Media Institute-ის მხარდაჭერით, საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) მზადდება.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.
მედია ანალიზი
ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი მონაპოვარი ქვეყანაში "უპრეცედენტო მშვიდობაა" ფაქტები პოლიტიკური რიტორიკის მიღმა კი განსხვავებულ რეალობაზე მიანიშნებს.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დედაქალაქის ქუჩებში ქართული ოცნების ახალი ბილბორდები გამოჩნდა. ამჯერად ხელისუფლებამ კარგად ნაცნობი პროპაგანდისტული გზავნილების ვიზუალიზაცია გადაწყვიტა და უკრაინაში რუსული ბომბებით განადგურებული შენობებისა და ეკლესიის ფოტოები წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ბილბორდების თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვს, სადაც ომს ოპოზიცია წარმოადგენს, მშვიდობას კი – ქართული ოცნება.
"ეს იქნება არჩევნები მშვიდობასა და ომს შორის. მშვიდობის გარანტი, რა თქმა უნდა, არის ქართული ოცნება", – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ აგვისტოში.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ბანერების გამოჩენის შემდეგ თქვა, რომ ომისა და მშვიდობის შედარება დღეს პრინციპული საკითხია.
"ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად", – თქვა კობახიძემ 27 სექტემბერს ჟურნალისტებთან კომენტარში.
მშვიდობის თემა ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა. 2022 წლის თებერვლიდან ხელისუფლებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების პოლიტიკურ გამოსვლებში მუდმივად ფიგურირებს სიტყვა "მშვიდობა". ლიდერები მმართველი გუნდიდან ამომრჩეველს ყოველთვის ახსენებენ, თუ როგორ წარმატებით შეძლო ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
"2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების პირველივე დღიდან ჩვენს ქვეყანაში დამყარდა უპრეცედენტო 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა, ჩვენ არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს დამატებით ტერიტორიები", – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ფაქტები "უპრეცედენტო მშვიდობის" რიტორიკის მიღმა
ქართული ოცნების მმართველობის 12-წლიანი "უპრეცედენტო მშვიდობის პერიოდში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს არაერთი მოქალაქე მოკლეს, ათასობით გაიტაცეს, მილიონობით კვადრატული მიწა უკანონოდ მიითვისეს. საცხოვრებელი კარ-მიდამო და სასაფლაოები მავთულხლართებით გაყვეს. არაერთ ადამიანს სახლი და საარსებო წყარო წაართვეს, ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კი შეუზღუდეს.
მცოცავი ოკუპაცია, გატაცება, გადარჩენისთვის ბრძოლა – ეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურობაა. ამ ყველაფრის წინაშე ხელისუფლება უძლური, მოქალაქე კი სრულიად დაუცველია.
საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი საქართველოში თამაზ გინტურია. საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ნოემბერში მოკლეს. 58 წლის თამაზ გინტურს ზურგში ორი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც ლომისის ტაძარში სანთლები დაანთო. გაიტაცეს მისი თანმხლებიც, ლევან დოთიაშვილი.
რუსმა მესაზღვრეებმა ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს, ხოლო მეჯვრისხევის ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლებს ეკლესიასთან, სადაც ისინი სალოცავად დადიოდნენ, მიახლოება აუკრძალეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეკლესიის კარი აჭედეს და სამშენებლო ქაფით დაგმანეს.
თამაზ გინტურის მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში რეჟიმს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეეწირა, ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთში. 2023 წლის 9 დეკემბერს 43 წლის ვიტალი კარბაია გალის ბაზართან ე.წ "აფხაზური მილიციის" დაჯგუფების წევრებმა სასტიკად სცემეს. ვიტალი, რომელსაც ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, მეორე დღეს სოხუმის საავადმყოფოში დაიღუპა.
2022 წელს გარდაიცვალა თბილისში ცხინვალის ციხიდან უგონო მდგომარეობაში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი. მას საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სინამდვილეში კი საოკუპაციო რეჟიმის მავთულხლართები მის ეზოში გადიოდა,
მანამდე საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობით კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა: დავით ბაშარაული 2014 წელს, გიგა ოთხოზორია 2016 წელს, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წელს და ირაკლი კვარაცხელია 2019 წელს.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 11 წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს, მინიმუმ, 2 418 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს.
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი კვადრატული მეტრი მიწა მიითვისეს საოკუპაციო ძალებმა მცოცავი ოკუპაციით, უცნობია. ამაზე ხელისუფლება საჯაროდ არ ლაპარაკობს. თუმცა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ხელმძღვანელ დავით ქაცარავას არასრული მონაცემებით, 2012 წლიდან რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში 60 მილიონ კვ.მ.-ზე მეტი მიწა დაიკავეს.
საოკუპაციო ხაზს მიღმა საქართველოს მოქალაქეებს ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მათთვის მედიკამენტები და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი ძირითადად ხელმისაწვდომი არ არის. ხშირად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტის სწრაფი ტრანსპორტირება დედაქალაქში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა კი არც ისე მარტივი პროცესია.
2023 წელს ახალგორიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე წლინახევრის ბავშვი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ბავშვის საოკუპაციო ხაზს მიღმა გადმოყვანის ნებართვის მიღება დროში გაიწელა. მედიის ინფორმაციით, საჭირო ნებართვის გაცემა დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა, საბოლოოდ მშობლებმა ბავშვი მოსაბრუნის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ის თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთასთან ახლოს გარდაიცვალა.
საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი ათასობით უკანონო ქმედება და დანაშაული თითქმის ყოველთვის უპასუხოდ რჩება. მიზეზი კი ხელისუფლების არჩეული არგაღიზიანების პოლიტიკა და რუსეთთან ფრთხილი მიდგომაა.
კრიტიკის საგანია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც", რომელიც ოპოზიციური პარტიების დაჟინებული მოთხოვნით მას შემდეგ შეიქმნა, რაც არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალის ციხეში 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს და წამებით მოკლეს. ამ სიაში ის ადამიანები უნდა შესულიყვნენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობენ. თუმცა, ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს ოპოზიციის მოთხოვნას, სიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეიყვანოს. ამავე სიაში ვერ მოხვდნენ გინტურისა და კარბაიას სასტიკ მკვლელობებში ეჭვმიტანილი პირები.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად უკანონო დაკავების, გატაცების, სახლ-კარისა და საარსებო წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან, ხელისუფლება მხოლოდ რუსეთთან ფრთხილ და არგაღიზიანების პოლიტიკას სთავაზობს. ადგილობრივების თქმით, დღევანდელი ვითარება, როდესაც საქართველოს მოქალაქე შეიძლება, ნებისმიერ დროს მოკლან და გაიტაცონ, ხოლო საოკუპაციო ხაზი ნებისმიერ დღეს გადმოწიონ, არ შეიძლება მშვიდობად ჩაითვალოს. ბევრისთვის ის, რასაც ქართული ოცნება დღეს მშვიდობას ეძახის, არა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ოკუპანტების აგრესიულ პოლიტიკასთან სრული შემგუებლობაა.
პოლიტიკური ანალიზი
ომისა და მშვიდობის ინსტრუმენტალიზაცია
ქართული ოცნების მეტა-ნარატივების პროცესის ანალიზის შედეგად ნათლად იკვეთება, თუ რამდენად მკაფიოდ სტრუქტურირებულია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანია. მათი ძირითადი მესიჯი, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლებაში არყოფნის შემთხვევაში, საქართველოში ომი იქნება“, – არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ იღებს მიზანში მმართველი პარტია მკაფიო კონტექსტური ფოკუსითა და მარტივი გზავნილებით საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებს.
ქართული ოცნების წინასაარჩევნო ნარატივში აგრეთვე დომინირებს ზოგადი ბრალდება, რომ ყველა პოლიტიკური ოპონენტი ქვეყანას ომისკენ უბიძგებს. აღნიშნული ნარატივი მხარდაჭერილია ე.წ. “გლობალური ომის პარტიის” მითით, რომელსაც ამ ეტაპზე, მმართველი პარტია არ მიაკუთვნებს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ან საერთაშორისო ინსტიტუციას, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ეს “ჯგუფი” იმდენად გავლენიანია, რომ შეუძლია დასავლეთის პოლიტიკის პროცესის ფორმირებაზე მოახდინოს გავლენა. აგრეთვე, მმართველი პარტია ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სურვილი არის ერთგვარი კეთილი ნების გამოვლინება და საქართველოს ევროპის კავშირში “ღირსებით” უნდა გაწევრიანდეს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს გაწევრების ზოგადი სტანდარტები. თუ ევროკავშირში “ღირსებით” გაწევრება არ იქნება შესაძლებელი და ბრიუსელი დაჟინებით მოითხოვს არსებული გაწევრების მოთხოვნების შესრულებას, საქართველო აირჩევს “ღირსების” შენარჩუნებას და უარს იტყვის ევროპის კავშირის წევრობაზე. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის გეგმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ძირითადად დაეფუძნება მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების (დასავლეთი, რუსეთი და ჩინეთი) დაბალანსების მცდელობას.
ზემოხსენებული ომი vs. მშვიდობა ნარატივი მმართველი პარტიის საინფორმაციო პროპაგანდის სამ განზომილებას მოიცავს: ომის ბუნებრივი ფსიქოლოგიური შიშის პარალელურად, ქართული ოცნება აჟღერებს ევროკავშირში და ნატოში საკუთარი პირობებით დაახლოების გზავნილს და აღნიშნულის არ გამოსვლის შემთხვევაში ქართული ოცნება პოტენციური ზიანის დაბალანსებას ე.წ. სტრატეგიული მიუმხრობლობის ალტერნატივით გვთავაზობს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მმართველობის წინა პერიოდებთან შედარებით, ქართული ოცნების მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ნამდვილად გამორჩეულია.
კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებიდან მალევე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებაში ომის შიშის კულტივაცია დაიწყო. თუმცა, მხოლოდ 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში როდესაც მმართველი პარტიის მიერ ხელოვნურად აგორებულმა ანტი-ლგბტქ პროპაგანდამ არ გამოიტანა შედეგი, ძირითადი ადგილი საინფორმაციო სივრცეში დაიკავა ომის შიშის ნარატივმა. ნაწილობრივ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის გეგმის და ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ღია საბოტაჟის მიუხედავად, ბრიუსელმა მიანიჭა საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ევროკავშირისგან უფრო ხისტი ნაბიჯების მოლოდინი ჰქონდა, რაც მნიშვნელოვნად დააშორებდა საქართველოს და ევროპის კავშირს და ფაქტობრივად შეაჩერებდა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. ევროკავშირის მხრიდან უფრო ხისტი ზომები მისცემდა ქართულ ოცნებას წევრობისთვის საჭირო ნაბიჯების არგადადგმის ფორმალური დასაბუთების საშუალებას და ამავდროულად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში გაამარტივებდა შიდა აუდიტორიისთვის მკაფიო პოლიტიკური დილემის ჩამოყალიბების პროცესს: არა ქართულ ოცნებას – ნიშნავს ომს. აღნიშნული ნარატივის გასაძლიერებლად ქართულმა ოცნებამ დააანონსა ე.წ. რუსული კანონი (“გამჭვირვალობის შესახებ კანონი”) და სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ხელოვნურად მიაკერა უცხოური გავლენის გამტარებლის სტატუსი. მმართველი პარტიის პროპაგანდის მიხედვით, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში დასავლური დღის წესრიგის გავრცელებას რაც პირველ რიგში გულისხმობს „მეორე ფრონტის“ გახსნას და რუსეთთან ომის დაწყებას. ქართული ოცნებისთვის ნათელი გახდა, რომ აღარ დარჩა არცერთი საკმარისად რეზისტენტული თემა, რომელზეც მათ შეეძლოთ ელექტორალური კაპიტალიზაცია და დამატებით მხარდაჭერის მობილიზაცია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ობიექტურად არ ფიქსირდება წინსვლა რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, ამიტომაც, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არ ფოკუსირდება არცერთ სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხზე. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ “რუსული კანონის” მიღებს შემდეგ ქართული ოცნების რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა და ამავდროულად ურყევი დარჩა საზოგადოების უმრავლესობის სურვილი, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, “მშვიდობის შენარჩუნების” გზავნილი არის ერთადერთი ღირებული გზავნილი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საინფორმაციო არსენალში.
ტიპური რუსული პროპაგანდის მსგავსად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება ნახევრად სიმართლეების ტირაჟირებას, ფაქტებით მანიპულაციას და ძირითადად ავრცელებს მოკლე მარტივი შინაარსის გზავნილებს რომელიც მკაფიოდ აღიბეჭდება ხალხის გონებაში და გავლენას ახდენს ძირეულ აღქმებზე. ზემოხსენებულის ნათელი მაგალითია გზავნილი, რომ გლობალური ომის პარტია (და არა რუსეთი) არის უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულმა არ გზავნილმა საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი ქართული საზოგადოებაში, რადგან მმართველი პარტია ამახვილებს ყურადღებას დასავლეთის უუნარობაზე გამოყოს საკმარისი სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად და ამავდროულად მათ არ სურთ მიიღონ უკრაინა და საქართველო ნატოში, რათა შეაჩერონ რუსეთის აგრესია. შესაბამისად, მმართველი პარტია ქმნის ნარატივს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი მანიპულირებს უკრაინაში მიმდინარე ომით და ამავდროულად ხაზს უსვამს დასავლური სამყაროს ზოგად სისუსტესა და უუნარობას.
სტატიის ავტორია: GEObservatory
სტატია გამოქვეყნდა: IML • Investigative Media Lab-ის ვებგვერდზე.