თბილისი (GBC) – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. ასოციაციის მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა.
„საია“-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საიამ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების, კამპანიისთვის ხელშეშლის და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.
საიამ მონიტორინგის ფარგლებში შეაფასა 9 ინციდენტი. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან: 4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, 2 - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 - კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 - ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 - პლატფორმა ,,აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიგურირებენ.
არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და აგიტაციის პროცესში ხელშეშლა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. თუმცა, ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ არის გაცემული.
სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტები
პერიოდი: 2024 წლის 1 აგვისტო - 2024 წლის 25 სექტემბერი
თავდასხმა პარტია „ახალი”-ს თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე
„საია“-ს ინფორმაციით, პარტია „ახალი”-ს თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას 11 აგვისტოს თავს დაესხნენ. ის სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში ხელი დაარტყა და შეაგინა. მომხდარს ხმაური მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე, რაც ძალადობას გულისხმობს.
2024 წლის 27 აგვისტოს საიამ შსს-ს მიმართა და ამ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, ამ დროისათვის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თავდასხმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებზე
8 სექტემბერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც მათ თავს დაესხნენ. კოალიციის წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, თქმით, ინცინდენტი ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კოალიციის განცხადებით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მართალია ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
საიას მოსაზრებით, ეს შემთხვევები, შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ანა წითლიძეზე თავდასხმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით, 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავად დეპუტატს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაზარალდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ბექა ფარცვანია, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და მონაწილეობდა კამპანიაში.
მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ანა წითლიძეს. ასევე, ჩანს ფიზიკური დაპირისპირების კადრები.
ფაქტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი. მან ჯერ განცხადება გაავრცელა სოციალურ მედიაში, შემდგომ კი ბრიფინგი ჩანიშნა. მისი განმარტებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იქ შეკრებილ დევნილებს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა.
როგორც, საიასთვის გახდა ცნობილი, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე.
პოლიციელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება
16 სექტემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ პარტიის წევრზე იძალადა. ენმ-ს განცხადებით, ზურაბ აბაევი სასტიკად არის ნაცემი. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჯერ აბაევი სცემა, შემდეგ დააკავა. მოგვიანებით, დაზიანებების გამო, იგი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარტიის წევრი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც აბაევმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, იგი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ამის საპირისპიროდ, დაკავებულის უფლებათა დამცველი და თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირება კი პოლიციელების მხრიდან დაზარალებულისთვის ფოტოების გადაღების გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში შედგენილ ფორმა 100-ში წერია, რომ დაკავებულს აქვს ტვინის შერყევა, ასევე ფილტვების დაზიანებები. დაზარალებულის ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის.
აღნიშნული ქმედება შეიძლება შეიცავდეს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს.[28] საიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა შესაბამის სამსახურს. ორგანიზაციას ჯერ პასუხი არ მიუღია.
წინასაარჩევნო კამპანიასა და სამოქალაქო აქტივიზმში ხელის შეშლა
პარტია „საქართველოსთვის” კამპანიის წარმოებისთვის ხელის შეშლა
2024 წლის 3 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის” ქალაქ ბათუმში მართავდა ამომრჩევლებთან შეხვედრას, რა დროსაც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პიროვნება მანუჩარ რიჟვაძე იყო, „ქართული ოცნების” აქტივისტი, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მანუჩარ რიჟვაძის თანმხლები პირები აგრეთვე იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების” კოორდინატორები. ესენი არიან: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების” ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია - ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების” უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს „ოცნების” ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების” აქტივისტი). რიჟვაძის თანმხლებმა პირებმა ვერბალური ფორმით შექმნეს დაძაბული გარემო და დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა
2024 წლის 13 სექტემბერს ქუთაისში ე.წ. „ავტო-ქარხნის დასახლებაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა ენმ-ს წარმომადგენელი - დიტო კვანტალიანი. იგი აპროტესტებდა ,,ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რასაც მასსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. მისი ფეისბუკპოსტის მიხედვით, იგი მმართველი პარტიის „პროპაგანდას“ აპროტესტებდა, რასაც მასსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა.
აღნიშნული შემთხვევები შესაძლოა წარმოადგენდეს პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევებს.
სრული ანგარიშის სანახავად ეწვიეთ ბმულს.