თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭო, აქციონერთა დამტკიცების შემთხვევაში, რეკომენდაციას უწევს 2025 წლისთვის საბოლოო დივიდენდის გადახდას თითო TBC PLC-ის აქციაზე 3.87 ლარის ოდენობით.

დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო დივიდენდი გადაიხდება 2026 წლის 22 ივნისს იმ აქციონერებზე, რომლებიც წევრთა რეესტრში დაფიქსირებულნი იქნებიან 2026 წლის 22 მაისს.

ექს-დივიდენდის თარიღად 21 მაისი, 2026, ჩანაწერის თარიღად  22 მაისი, ვალუტის კონვერტაციის თარიღად 5 ივნისი, ხოლო გადახდის თარიღად 22 ივნისი განისაზღვრა.

საქართველოს ლარის ფუნტ სტერლინგში კონვერტაციის კურსი, რომელიც გამოყენებული იქნება საბოლოო დივიდენდის გადახდებისთვის 2026 წლის 5 ივნისის კონვერტაციის თარიღზე, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საშუალო სავალუტო კურსის მიხედვით 2026 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით (5-დღიანი საშუალო).

საბოლოო დივიდენდი, ადრე გადახდილ შუალედურ დივიდენდებთან ერთად, რომელთა საერთო ოდენობა შეადგენს 5 ლარს თითო აქციაზე (გადახდილი იყო კვარტალურად), უზრუნველყოფს 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის საერთო დივიდენდს 8.87 ლარის ოდენობით თითო აქციაზე, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

შედეგად, 2025 წლისთვის დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი შეადგენს 35%-ს, ხოლო წმინდა მოგებასთან მიმართებით საერთო განაწილება - 40%-ს, მათ შორის 75 მილიონი ლარის ოდენობის აქციების გამოსყიდვის (buyback) გათვალისწინებით.