თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიები, სახელმწიფო კომპენსაციები და შემწეობები ლეგალიზებულად ჩაითვლება. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხები უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას, რომელიც მოქალაქეებს ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდების ან ადმინისტრაციული ხარვეზების გამო დაეკისრათ. მოქმედი რეგულაციებით, პენსიისა თუ შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება, პატიმრობა ან გარდაცვალება, თუმცა ხშირ შემთხვევაში უწყებებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება დაგვიანებით ხდებოდა, რაც თანხების ზედმეტად დარიცხვას იწვევდა.
ამნისტია ჯამში რამდენიმე ათას ბენეფიციარს შეეხება. კერძოდ, ზედმეტად დარიცხული პენსიების ნაწილში შეღავათით 1 685 პენსიონერი ან გარდაცვლილის მემკვიდრე ისარგებლებს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელი 1 213 804 ლარი ჩამოიწერება. სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში გადაწყვეტილება 252 პირს შეეხება, მათ შორის მათაც, ვის მიმართაც სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეღავათი საარსებო შემწეობის მიმღებ პირებზე ვრცელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 1 444 ოჯახს ჯამში 2 653 678 ლარის დავალიანება ეპატიება. დამატებით, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს 130 500 ლარის დაბრუნების ვალდებულება მოეხსნება.
მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ჰუმანური აქტი აღმოფხვრის იმ სამართლებრივ დავალიანებებს, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემური ხარვეზების გამო გროვდებოდა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახებოდა.