თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე და TBC Bank-ის CEO გოგა თხელიძე, ჯგუფში სანდრო რთველაძის დაბრუნებას ეხმაურებიან და მასზე იმედებს საცალო მიმართულების გაძლიერების თვალსაზრისით ამყარებენ. ჯგუფი რთველაძის დაბრუნებას „სახლში დაბრუნებას“ ეძახის.
„მოხარული ვართ სანდროს ჯგუფში დაბრუნებით. მას გააჩნია საცალო ბანკინგის ღრმა ექსპერტიზისა და სხვადასხვა ბაზარზე ძლიერი შესრულების უნარების უნიკალური კომბინაცია. დარწმუნებული ვარ, მისი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საცალო ბანკინგს საქართველოში“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.
„სანდრო არის ფართოდ აღიარებული საბანკო მენეჯერი, რომელსაც აქვს ზრდის, ინოვაციისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფის ძლიერი გამოცდილება. საცალო ბანკინგში მისი ფართო გამოცდილება მას იდეალურ კანდიდატად აქცევს ჩვენი საცალო საბანკო ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპის სათავეში ჩასადგომად“, - ასე აფასებს თხელიძე რთველაძის დაბრუნებას.
შეგახსენებთ, სანდრო რთველაძე ინიშნება JSC TBC Bank-ის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილედ (Deputy CEO, Retail Banking), საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მიღების შემდგომ. გეგმის მიხედვით, ის ბანკს 2026 წლის 6 ივლისიდან შეუერთდება ან მოგვიანებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მარეგულირებელი დამტკიცებების დასრულების შემდეგ. ამ პოზიციაზე ის უხელმძღვანელებს ბანკის საცალო მომხმარებლებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს, სერვისებსა და არხებს.
სანდრო Ipoteka Bank-იდან უერთდება JSC TBC Bank-ს, სადაც, მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში, წარმატებით უხელმძღვანელა OTP Group-ის უზბეკური შვილობილი ბანკის ტრანსფორმაციასა და გაჯანსაღებას. მანამდე ის იყო TBC Uzbekistan-ის, ჯგუფის ციფრული ბანკის, გენერალური დირექტორი (CEO), ასევე ეკავა მაღალი მენეჯერული პოზიციები OTP Bank Russia-ში, Liberty Bank-სა და Bayport Management Africa-ში. მას აქვს საცალო და ციფრული ბანკინგის სფეროში 10 წელზე მეტი მაღალი მენეჯერული გამოცდილება.