თბილისი (GBC) - ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდში 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ რაუნდში გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ფინალური ეტაპისთვის – საბერძნეთში საერთაშორისო რაუნდზე საბრძოლველად – მოემზადებიან.

ეკონომიკის ოლიმპიადის მთავარი მიზანი მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის გაუმჯობესებაა. პროექტს საქართველოში ახორციელებს GELi (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა), საქართველოს ბანკის, Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის და თავისუფალ უნივერსიტეტის პარტნიორობით.

ფინალისტები თავად გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს და საუბრობენ ფინანსური განათლებისა და ოლიმპიადის მნიშვნელობაზე:

,,ოლიმპიადამ საკუთარი მასშტაბურობით შეძლო ცნობიერების ამაღლება იმ მეცნიერების მიმართ, რომელიც სკოლების უმეტეს ნაწილში არ ისწავლება. მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია, შეესწავლათ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, გამოეყენებინათ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეეფასებინათ საკუთარი ცოდნა“,- ამბობს თენგო გელაშვილი

ეკონომიკური ცოდნის მნიშვნელობას გამოყოფს დემეტრე არდოტელი:

„ეკონომიკის შესახებ თუნდაც ზედაპირული ცოდნა  ადამიანს ეხმარება კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გონივრულად გადაჭრაში. ეს საგანი სხვა კუთხით განახებს სამყაროს და ხვდები, რომ ეკონომიკის სწავლისას არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ შენს ყოველდღიურ ცხოვრებას, მოქმედებებს შეისწავლი, მათ მოტივებსა და სარგებლიანობას. ეს გეხმარება შენივე რესურსებისგან მიიღო მაქსიმალური შედეგი. ოლიმპიადაში მონაწილეობა გაძლევს ძალიან კარგ გამოცდილებას, საკმაოდ კვალიფიცირებულ და მაღალი დონის სპეციალისტებთან გიწევს ურთიერთობა, პატარა წარმატებები კი თვითშეფასებას გიმაღლებს“, – დემეტრე არდოტელი.

ანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ საკუთარი უნარების გამოცდა, არამედ საჭირო კავშირების დამყარებაც მოახერხა:

,,ეკონომიკის ოლიმპიადა  შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ არსებული ცოდნა და მივიღოთ ახალი, გავიუმჯობესოთ ანალიტიკური უნარები. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაწილი საჭირო და საინტერესო ადამიანების გაცნობაა, პროექტის განმავლობაში ბევრი ნიჭიერი თანატოლი და ლექტორი გავიცანით“.

კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი პეტუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებში მოტივაციას ზრდის:

,,ეკონომიკის ოლიმპიადა მოსწავლეებს ეკონომიკის შესახებ საკუთარი ცოდნის შეფასებისა და გამოყენების შანსს აძლევს. ოლიმპიადა შედგება სხვადასხვა ტიპის კითხვებისგან ეკონომიკის არაერთი სფეროდან, თუ რაღაც საკითხის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვს, გიჩნდება ენთუზიაზმი, რომ მეტი გაიგო, მეტი ისწავლო. მიუხედავად პროფესიისა და სპეციალობისა, ეკონომიკური საწყისების, ტერმინოლოგიის და მეთოდიკის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრეული ასაკიდან ისწავლის ბავშვი გონივრული და დაფიქრებული გადაწყვეტილებების მიღებას, მით უფრო მარტივად შეძლებს სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევას, ვფიქრობ, მსგავსი ოლიმპიადები სწავლის და განვითარების კარგი მოტივაციაა“.

მირიან ფაიქიძისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების ფაქტორი აღმოჩნდა:

„ოლიმპიადა, უპირველესად, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესებაში გვეხმარება. ეს უნარები ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია, ზრდის ინტერესს და ყურადღებას ფინანსური წიგნიერებისადმი, რომელსაც, ვფიქრობ, საქართველოში არ ექცევა საკმარისი ყურადღება. ეკონომიკური განათლება გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტების, ინსტიტუტებისა და ცნებების ცოდნას, არამედ ფინანსურ უნარებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. საჭიროა, ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე გამოუმუშავდეთ სწორი ფინანსური ჩვევები და მიდგომები, ეკონომიკური ოლიმპიადა თავისი სასწავლო და საკონკურსო ელემენტებით ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა” –  მირიან ფაიქიძე

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ საერთაშორისო რაუნდს და წარმატება ვუსურვოთ ფინალისტებს. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.