თბილისი (GBC) - საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტმა (IMD), წამყვანმა საერთაშორისო ბიზნესის სკოლამ, case study გამოაქვეყნა, რომელიც TBC-ის ევოლუციას ასახავს რეგიონული საფინანსო სერვისების ლიდერად ჩამოყალიბებაში.
კვლევა წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიურად გაძლიერებული საფინანსო სერვისების ბიზნესი განვითარებად ბაზრებზე. ასევე აღწერილია, როგორ გახდა TBC საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რის შემდეგაც მან საერთაშორისო გაფართოება დაიწყო, სწრაფად განავითარა საცალო საბანკო საქმიანობა უზბეკეთში და ჩამოაყალიბა ცენტრალური აზიის წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა.
IMD-ის კვლევა ასევე დეტალურად აღწერს TBC-ის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას, რომელიც ჯგუფის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველოში დომინანტური პოზიციის მიღწევის შემდეგ, TBC-მ დაიწყო შესაძლებლობების შესწავლა, რათა საკუთარი გამოცდილება და ციფრული საფინანსო სერვისები უფრო დიდ, სწრაფად მზარდ და ნაკლებად განვითარებულ ბაზრებზე გაეტანა. უზბეკეთი შეირჩა, როგორც პირველი ქვეყანა საერთაშორისო გაფართოებისთვის, და ჯგუფი ამ ბაზარზე 2019 წელს შევიდა. ამ დროის განმავლობაში, TBC-მ შექმნა და განაგრძობს უზბეკეთში რეგიონული ციფრული საბანკო ეკოსისტემის განვითარებას.
TBC უზბეკეთი აერთიანებს სამ მაღალმზარდ ფინტექ კომპანიას, ხოლო ციფრულმა ბანკმა მომგებიანობას გაშვებიდან 2 წელიწადში მიაღწია, რაც გლობალური ციფრული ბანკებისთვის რეკორდულ დროდ ითვლება. დღეს მას უკვე 18.4 მილიონი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს (უზბეკეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი), წლიდან წლამდე ორმაგდება მისი საკრედიტო პორტფელი და 2024 წლის ფინანსური წლისთვის მან $41 მლნ-ის წმინდა მოგება მიიღო.
აქედან გამომდინარე, TBC უზბეკეთი უკვე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია TBC PLC-ის ფინანსურ შედეგებში და ჯგუფი მისი წილის კიდევ უფრო ზრდას ელის.
„მოხარული ვართ, რომ IMD-მ დიდი ინტერესი გამოხატა TBC-ის მიმართ და შექმნა ჩვენი ტრანსფორმაციის ამომწურავი ანალიზი – ადგილობრივი ბანკიდან საერთაშორისო ციფრულ საბანკო ლიდერობამდე. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვაძლევთ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოსა და უზბეკეთში მომუშავე კომპანიების გლობალური აღიარების პროცესში, რადგან ეს ბაზრები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ჩვენი მოგზაურობა გრძელდება და კვლავ ერთგულნი ვართ ჩვენი ზრდის სტრატეგიისა, რომელიც ამავდროულად უზრუნველყოფს მდგრად და მომგებიან შედეგებს ჩვენი აქციონერებისთვის. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგის მეშვეობით, გლობალურ ინვესტორებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, გახდნენ ჩვენი ისტორიის ნაწილი. იმედია, ეს შთააგონებს IMD-ის სტუდენტებსაც. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ TBC-ის მომავლის ფორმირებას, მათ შორის ახალი და საინტერესო ბაზრების შესწავლით“, - აცხადებს TBC PLC-ის CEO, ვახტანგ ბუცხრიკიძე.