თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდასთან ორშაბათს გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ქვეყანაში.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.

„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. აზიის განვითარების ბანკმა 2024 წლის 19 მარტს დაამტკიცა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ სტრატეგია, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება.

თანამშრომლობის ხუთწლიანი, 2024-2028 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.