თბილისი (GBC) – თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება, სების პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ლარი ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა“.
„გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე გამოწვევებით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია – ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის", - განაცხადა თურნავამ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლარი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა და მის შექმნას წინ ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძღოდა.
„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო სისტემას. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან კი ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა," - განაცხადა მან.
საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.