თბილისი (GBC) - სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს, 30 ივლისს ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასები არაჯანსაღი ტენდენციით არ ხასიათდება. მისივე თქმით, უძრავი ქონების ფასები თანხვედრაშია ეკონომიკური ზრდის ტემპთან.

სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ეროვნული ბანკის დაკვირვების მუდმივი საგანია.

"დღესდღეობით ჩვენ, ვერ ვხედავთ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს, ან გადახურების ნიშნებს. თუმცა უძრავი ქონების ბაზარი და იგივე დეველოპმენტი და სამშენებლო სფერო წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორს. დიდი წვლილი შეაქვს უძრავი ქონების ოპერაციებს ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ თუ შევხედავთ ბოლოდროინდელ დინამიკას უძრავი ქონების ფასის თვალსაზრისით, ის არის მთლიანობაში ეკონომიკის ნომინალურ ზრდასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა ლოგიკურია და საქმე რაიმე არაჯანსაღ ტენდენციასთან არ გვაქვს", - თქვა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ამ დროს სები აკვირდება მშენებლობის ღირებულებასაც და აქაც, დინამიკაში დიდი აცდენა არ არის ბინების ფასებსა და მშენებლობის ღირებულებას შორის.

"თუ შეხედავთ საბანკო სექტორს, ისინი აფინანსებენ საკმაოდ აქტიურად დეველოპმენტის სექტორს თბილისში, ბათუმში და სხვა ურბანულ ცენტრებში. მათი აქტივების ხარისხი პორტფელის ამ ნაწილში უმჯობესდება. უმოქმედო სესხების წილი მცირდება კონკრეტულად ამ სექტორზე თუ ვისაუბრებთ და აქაც, ჩვენ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციას ვერ ვხედავთ. თუმცა ვაგრძელებთ დაკვირვებას", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, იჯარებთან დაკავშირებით მოხდა ნორმალიზება, იმ პერიოდთან შედარებით, როცა მიგრანტების დიდი შემოდინება იყო (იგულისხმება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომი პერიოდი, 2022 წელი).

ნათია თურნვამ სავალუტო ბაზარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვითარება სავალუტო ბაზარზე არის სტაბილური, თუმცა საქართველოს აქვს მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდების თანაქმედების შედეგად.

მისივე თქმით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ მიუთითებს, რომ რაიმე დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი.

"ჩვენ წლის დასაწყისიდან შევისყიდეთ 286.6 მლნ დოლარი და ამას თუ შევადარებთ ჩვენს გაყიდვებს - ვნახავთ, რომ ჯერ კიდევ დადებითი სალდო გვაქვს. ჩვენ არც ერთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი არ გაგვუარესებია და პირიქით, გაუმჯობესება ხდება. გვაქვს დაბალი ინფლაცია და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სადაც კარგად არის დაბალანსებული ინფლაციური წნეხები და ეს არ იწვევს ინფლაციის ზრდას. თავისუფალი ბაზარია, თავისუფალი მცურავი კურსია და მოკლევადებში არ ვართ დაზღვეული სხვადასხვა რყევისგან. თუკი ჩვენ მივიჩნიეთ, რომ აუცილებელია ერთჯერადი ინტერვენცია - ამას ყოველთვის განვახორციელებთ", - განმარტავს ნათია თურნავა.