თბილისი (GBC) – პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინა თვეებში ლარის რყევების დასტაბილურების საფუძვლად მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანი მართვის პოლიტიკა დაასახელა. ამისთვის კი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ბანკს და სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას.

„სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს, ამისთვის განსაკუთრებით მადლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ნათია თურნავას“, - თქვა პრემიერმა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს, ამისთვის განსაკუთრებით მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.

ყველას გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ თავის დროზე ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი იქნებოდა დაკომპლექტებული სწორედ ოპოზიციის კადრებით. ჩვენ გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან და ამის გამეორებას ვერ დავუშვებდით. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით, ძალიან კარგ ტურისტულ სეზონს. არსებული პირველი ორი კვარტალის მონაცემები არის კარგი და დამაიმედებელი. ასეთ პირობებში გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.