თბილისი (GBC) – თურქეთმა შავი ზღვის მიმართულებით სავაჭრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გადაადგილების ნებართვების გაცემა განაახლა. მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში უსაფრთხოების რისკების გამო იყო შეზღუდული, წერს Bloomberg.
გემების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, ნავთობის ტანკერი Aegean Dream დარდანელის სრუტეში კვირას, 9 აგვისტოს შევიდა. გემი სრუტეში შესვლას ხუთშაბათიდან ელოდებოდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ნოვოროსიისკში კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალია.
კვირა დილით სრუტე გაიარა ასევე კონტეინერმზიდმა Mehmet Kahveci A-მ, რომელიც ასევე ნოვოროსიისკისკენ მიემართებოდა.
მანამდე თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალური სამმართველო უკრაინისა და რუსეთის პორტებისკენ მიმავალ გემებს ატყობინებდა, რომ სატრანზიტო ნებართვების გაცემა დროებით შეჩერებული იყო.
სრუტეებით მოძრაობის აღდგენა მნიშვნელოვანია შავი ზღვის სავაჭრო და ენერგეტიკული ლოგისტიკისთვის, მათ შორის ნოვოროსიისკის მიმართულებით, სადაც კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალი მდებარეობს. სწორედ ამ მილსადენით ხორციელდება ყაზახური ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.
