თბილისი (GBC) - შავ ზღვაში ნაოსნობის შეფერხებისა და რეგიონიდან მარცვლეულის მიწოდების შემცირების რისკების გამო, ამერიკული ხორბლის ფიუჩერსების ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ყველაზე აქტიური ფიუჩერსები ორშაბათს 1.8%-ით გაძვირდა და 30 ივლისის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. მყარი წითელმარცვლოვანი საშემოდგომო ხორბლის წამყვანი კონტრაქტის ფასი კი 2.4%-ით გაიზარდა.
უქმეებზე თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო შავ ზღვაში საკუთარი გემების გადაადგილება დროებით შეაჩერა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაკან ფიდანმა მხარეებს რეგიონში თავდასხმებზე მორატორიუმის დაწესებისკენ მოუწოდა.
Futures International-ის ნედლეულით ვაჭრობის დირექტორის, ჯო დევისის განმარტებით, შეფერხებებმა ყველაზე მეტად ამერიკული მყარი წითელმარცვლოვანი ხორბლის ფასები დააფიქსირა, რადგან ის პირდაპირ კონკურენციას უწევს შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის მაღალპროტეინულ სასურსათო ხორბალს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფერხებები აშშ-ისთვის ექსპორტის შეკვეთების დაუყოვნებლივ ზრდას არ ნიშნავს, ის აუარესებს გლობალური საექსპორტო მიწოდების პერსპექტივას და იმპორტიორებს აიძულებს, მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინონ“, - აღნიშნა დევისმა.
ფასების ზრდას ასევე წინ უძღოდა უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული თავდასხმების გამო 2026-2027 მარკეტინგულ წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი შესაძლოა ორჯერ და მეტად შემცირდეს ადრეულ პროგნოზებთან შედარებით.
შავ ზღვაში გემებზე, პორტებსა და საექსპორტო ტერმინალებზე თავდასხმების ინტენსივობამ მარცვლეულისა და ნავთობის მიწოდება უკვე შეაფერხა. უსაფრთხოების რისკების ზრდის გამო გემთმფლობელები პორტებში შესვლას ამცირებენ, ხოლო ფრახტისა და სამხედრო დაზღვევის ღირებულება იზრდება.
