თბილისი (GBC) – 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ ₾6.3 მლრდ-ს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა ₾1.54 მლრდ-ს მიაღწია.
საგულისხმოა, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი, 99%, კვლავ კონსერვატიულ, ანუ ნაკლებრისკიან პორტფელშია განთავსებული. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 16.4% და 14.3% იყო.
პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. იანვრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51.1% იყო, დაბალანსებულში - 30.5%, ხოლო კონსერვატიულში - 16.6%.
ამასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.