თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავალდებულებს, თითქმის 50 წლის წინ მიღებული კანონი არ გამოიყენოს. საუბარია უცხოეთში კორუფციასთან ბრძოლის კანონზე (FCPA). პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამყარა, რომ ქრთამის მიცემის შიშით ამერიკული ბიზნესი არათანაბარ მდგომარეობაში ვარდება და სხვა ქვეყნებში კონკურენტებთან ბრძოლას აგებს. ამასთან, ამ კანონის დარღვევისთვის (მათ შორის რუსეთში) კომპანიები, და არა მხოლოდ ამერიკული, აშშ–ის ხაზინაში მილიარდობით დოლარს რიცხავენ.
„ეს ნიშნავს გაცილებით მეტ ბიზნესს ამერიკისთვის, – განმარტავს ტრამპი თავის გადაწყვეტილებას. – ქაღალდზე ეს კარგად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ თუ ამერიკელი მიდის სხვა ქვეყანაში და აკეთებს იქ ბიზნესს ლეგალურად, კანონიერად თუ სხვა გზებით, ეს თითქმის იმის გარანტიაა, რომ დაიწყება გამოძიება, ბრალდებები და ამის გამო ამერიკელებთან ბიზნესის კეთება აღარავის უნდა“.
თეთრ სახლში ამ კანონის უარყოფით მხარეებზე რამდენიმე მაგალითად მოჰყავთ: 2010 წელს უსაფრთხოების სისტემებისა და ბანკომატების ამერიკულ მწარმოებელს Diebold, რომელიც FCPA–ს ნორმების დარღვევის გამო გამოძიების ქვეშ მოექცა, რუსეთსა და ჩინეთში თავისი 5 ტოპ–მენეჯერის დათხოვნა მოუხდა. 2019 წელს კი Deutsche Bank დათანხმდა $16 მლნ–ის მოცულობის ჯარიმის გადახდას იმის გამო, რომ რუსეთსა და ჩინეთში თავის სტრუქტურებში გავლენიანი მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების ახლობლებს ასაქმებდა. სანაცვლოდ კი ბანკი სახელმწიფო უწყებებიდან დაკვეთებს იღებდა.
ერთ–ერთი ასეთი „თანამშრომელი“, სახელმწიფო კომპანიის ტოპ–მენეჯერის შვილი, მოსკოვიდან Deutsche Bank–ის ლონდონის ფილიალში გადაიყვანეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ბანკიდან გაშვება მოუწიათ, რადგან არ დადიოდა სამსახურში, გამოცდებზე იტყუებოდა და საბოლოოდ კომპანიისთვის „მძიმე ტვირთად“ შერაცხეს.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, კანონის შეჩერება უცხოეთში მომუშავე ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს.