თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Visa-ს საქართველოში ოპერირების 25 წლის საიუბილეო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე დისკუსიების ფარგლებში განიხილეს გადახდების ეკოსისტემაში არსებული გლობალური ტრენდები, გამოწვევები და პერსპექტივები.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას, Visa-ს წარმომადგენლობას საქართველოში იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 1/4 საუკუნის განმავლობაში Visa-სთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საქართველოში ფინანსური სერვისების და საგადახდო სისტემების ლანდშაფტის ტრანსფორმაციას და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი კანონით დაკისრებული ამოცანის საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიანი ფუნქციონირების განვითარებას.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა შემდგომშიც განვითარდება, რაც მომავალში მეტ პროგრესს და თანამშრომლობას მოგვიტანს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ღონისძიებაზე მომხსენებლებს შორის ასევე ვირა პლატონოვა ( Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დსთ, საქართველოს, უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონული მენეჯერი; დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში; Visa-ს ჰაბის წარმომადგენლები: ოტო უილიამსი, უფროსი ვიცეპრეზიდენტი და იVisa-ს პროდუქტის, პარტნიორობისა და გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში და ივან პონომაროვი, Visa Direct-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ Visa-ს პარტნიორი კომპანიები.
ფორუმის ფარგლებში, Visa-სა და Charte.ge-ს თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები საშუალო სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით, საქველმოქმედო კამპანია განხორციელდა.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა CISSEE რეგიონში, სადაც პირველი უკონტაქტო ოპერაცია განახორციელა 2009 წელს და მას შემდეგ, მრავალი წელია, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. Visa-ს მონაცემებით, საქართველო 2023 წელს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
Visa-ს გუნდი ამაყობს რომ თანამშრომლობს ბანკებთან, მერჩანტებთან და საჯარო სექტორთან საქართველოში. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ერთობლივი ეკოსისტემის განვითარებას, რაც ელექტრონული გადახდების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ზრდის. ყველა ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე, ციფრული ტრანზაქციების გაზრდილმა წილმა კი ხელი შეუწყო გამჭვირვალობის ზრდასა და ზოგადად, ეკონომიკურ წინსვლას.
Visa-ს გლობალური მისიაა დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს.
Visa-ს გლობალური მისია არის ასევე ეკონომიკის გაციფრულება, ინოვაციების ხელშეწყობა, უნაღდო ანგარიშსწორების ეკოსისტემის განვითარება და მომხმარებლის უზადო გამოცდილების უზრუნველყოფა. ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც ბოლო დროს, პარტნიორებთან ერთად, შემოვიტანეთ საქართველოში აერთიანებს ისეთ ინოვაციებს, როგორებიცაა Visa B2B Connect - არა საბარათე საერთაშორისო გადახდების პლატფორმა და Visa Direct to Account - P2P გადახდების გადაწყვეტა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საქართველოში, Visa-ს 25 წლიანი მოგზაურობის განმავლობაში, ჩვენ გვერდით იყო. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს ჩვენი, პარტნიორი ბანკებისა და ფინტეკების ერთობლივი მიღწევაა, რომლებიც Visa-ს ინოვაციურ გადაწყვეტებს ითვისებენ, ადგილობრივი მერჩანტები და მომხმარებლები კი მზად არიან გაციფრულდნენ და შემოუერთდნენ Visa-ს გადახდების უდიდეს ქსელს. ერთად განვაგრძოთ ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
Visa მოხარულია რომ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს Visa ბარათის მფლობელების გამოცდილების სრულყოფას ციფრული გადახდებით და საქართველოში უნაღდო ეკონომიკის ხელშეწყობის ერთგული რჩება.