თბილისი (GBC) - საქართველოში პირველი STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. პროექტი სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიებით, ინჟინერიით და საბუნებისმეტყველო საგნების დაინტერესების მიზნით კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა.

პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში  ტესტირება გაიარა. საბოლოოდ, პრაქტიკულ ტურში კი მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტები შექმნეს. ფინალურ ეტაპზე 200-მდესკოლის გუნდიდან 10 საუკეთესო გადავიდა. “ქართულ-ამერიკული სკოლის” გუნდმა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ყველა პრაქტიკულ დავალებას საუკეთესოდ გაართვა თავი, ყველაზე ადრე დაასრულა ნაშრომზე მუშაობა და პირველი ადგილიც დაიკავა.  საქართველოს ბანკის დაფინანსებით გუნდი – ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვატო გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკა ყულოშვილი, სანდრო ნაზღაიძე – ჟენევაში CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში, მენტორთან ერთად გაემგზავრება, ,,ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ კი შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკითა და STEM ინვენტარით.

გამარჯვებული გუნდის მენტორმა, გოგა სუქნიძემ, გვიამბო, რა გზა გაიარეს მოსწავლეებმა პირველ STEM ოლიმპიადაში გამარჯვებამდე:

შესარჩევი ეტაპი

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩემი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შემსწავლელი კლუბები.  ამ კლუბის მოსწავლეებმა გამოთქვეს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი და მთხოვეს მენტორობა და სხვა მონაწილეების შერჩევაში დახმარება. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი.  მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ჩავატარეთ შიდა ტესტირება ფიზიკასა და მათემატიკაში. ტესტის შედეგების გაანალიზებამ საშუალება მოგვცა, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი გუნდი, რომელიც მზად იქნებოდა შრომისა და წარმატების მიღწევისათვის.

სამზადისი

ოლიმპიადის ორივე ტურისთვის მოსამზადებლად ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა კომაროვის სკოლის მიერ შემოთავაზებული კურსები, რომლებსაც მუდმივად ვესწრებოდით ან  ვუყურებდით ჩანაწერებს. კურსები ერთდროულად საინტერესოც იყო და სახალისოც. შეხვედრების გარდა,  დამოუკიდებლადაც ვიკრიბებოდით, ვარჩევდით ლექციაზე ახსნილის მსგავს ამოცანებს. ორივე ეტაპისთვის ვატარებდით ოლიმპიადის სიმულაციებს და შედეგების გაანალიზებით ვცდილობდით, შეგვემუშავებინა საუკეთესო სტრატეგია. ფინალურ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოსწავლეებმა ფინალური ტურის სიმულაცია გაითამაშეს. 6 საათის განმავლობაში ერთ ოთახში შევიდნენ და მთელი დრო მხოლოდ ამოცანების ამოხსნას დაუთმეს ზუსტად ისე, როგორც ოლიმპიადაზე ელოდათ.

ჩვენი სკოლის რობოტიკისა და ელექტრონიკის კლუბის ხელმძღვანელი, დემეტრე საზონოვი, განსაკუთრებით დაგვეხმარა საფინალო სამზადისისთვის. დემეტრე გვაძლევდა დავალებებს, შემდეგ ერთად განვიხილავდით შესრულებული დავალების ხარვეზებს და ვცდილობდით გაუმჯობესებას. ჩემი აზრით,  სწავლების საუკეთესო გზა სწორედ ასეთი პრაქტიკული მიდგომა არის.

ფინალი

გუნდის 6-ვე მონაწილე 6 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად და ერთობლივად მუშაობდა ინჟინერიის დავალებებზე. ჩვენმა გუნდმა ყველაზე ადრე დაასრულა მუშაობა, რამაც თავდაჯერებულობა შემატა მოსწავლეებს. ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო მომენტი, როდესაც  პროექტის მენეჯერი, გიორგი ლომიძე, ყველა მონაწილის თანდასწრებით ჟიურის წინაშე პუნქტ-პუნქტად ამოწმებდა მოსწავლეების მიერ აწყობილ პროექტს. ამ დროს ყველამ დავინახეთ, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველი დეტალი აბსოლუტური სიზუსტით იყო შესრულებული ჩვენი მოსწავლეების მიერ. სწორედ ამიტომ, პირველი ადგილიც დავიმსახურეთ.

სამომავლო გეგმები

ოლიმპიადაში გამარჯვება ჩვენთვის  პატივი და მოტივაციაა. გვინდა, ჩვენს სკოლაში უფრო პოპულარული გავხადოთ STEM სწავლება. შემდეგი წლისთვის „ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ ჩამოყალიბდება STEM მიმართულების საგნების შემსწავლელი კლუბები, რომლებშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორც ჩვენი, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებს.

ფინალში გამარჯვება და მთავარი პრიზის მოპოვება ემოციური იყო გუნდის წევრებისთვის. როგორც თავად ამბობენ, ეს გამარჯვება დიდი სტიმულია შემდეგი წარმატებებისთვისა და პროფესიული განვითარებისთვის: 

,,აქამდე დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა ინჟინერიის კარგად სწავლას, არ ვიყავი სირთულეებისთვის მზად, მაგრამ ამ ოლიმპიადამ დამარწმუნა, რომ როცა შრომობ და თავს არ ზოგავ, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს. ჟენევაში CERN-ის ლაბორატორიაში გამგზავრება ყველაზე საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვის. ვფიქრობ, მსოფლიო დონის მეცნიერებთან გასაუბრება და მათგან რჩევების მიღება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩემს სამომავლო გეგმებში”- გვიყვება ნიკა ყულოშვილი. 

,,მინდა მომავალში პროგრამირება სიღრმისეულად შევისწავლო. სტემ ოლიმპიადა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის.  მიღებული ცოდნითა და  ახალი სასკოლო ლაბორატორიის დახმარებით მინდა სკოლაში რობოტიკის კლუბის ხელმძღვანელი გავხდე და შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეები ვამეცადინო STEM მიმართულებით” – ამბობს სანდრო ნაზღაიძე.

STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა, თუმცა პროექტი გრძელდება, იზრდება და იხვეწება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მოსწავლეებისთვის  საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მომავლის პროფესიების სწავლების წახალისებას. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ შანსი გახდეთ  ყველაზე საინტერესო და განსხვავებული ოლიმპიადის მეორე სეზონის მონაწილეები, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს