თბილისი (GBC) – საქართველოს საპენსიო ფონდის ცნობით, ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები (ISMS) სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაც უკვე მესამე წელია, დასტურდება ინფორმაციული მართვის სისტემების ISO სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკაციით.
ამჟამად, საპენსიო ფონდმა წარმატებით გაიარა ISO/IEC 27001:2022 სტანდარტის სასერტიფიკაციო აუდიტი, რომელიც განხორციელდა ავსტრიული კომპანიის, Certification & Information Security Services GmbH-ის მიერ. ეს არის სტანდარტის უახლესი და გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებს, მათ შორის ღრუბლოვან და ვებ სერვისებთან დაკავშირებულ რისკებს.
ამ წარმატებით, საპენსიო ფონდი გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ფონდის მაღალ სტანდარტებს საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სფეროში და ჩვენს მუდმივ სწრაფვას, გავაუმჯობესოთ მონაცემთა დაცვა და რისკების მართვა.
ISO/IEC 27001:2022 არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ეფექტიანად მართონ თავიანთი მონაცემების უსაფრთხოება. სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ:
· დაცულია მონაცემები - კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია როგორც ციფრული, ისე ფიზიკური აქტივებისთვის.
· იმართება რისკები - იდენტიფიცირებულია პოტენციური საფრთხეები და მიღებულია შესაბამისი ზომები მათი პრევენციისთვის.
· ხდება მუდმივი გაუმჯობესება - დანერგილია სისტემატური პროცესი საინფორმაციო უსაფრთხოების მექანიზმების მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესებისთვის.
განახლებული სტანდარტით მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით გავლა, მკაფიო სიგნალია, როგორც ჩვენი მონაწილეებისთვის ასევე პარტნიორებისთვის, რომ მათი მონაცემების უსაფრთხოება დაცულია რაც საქართველოს საპენსიო ფონდისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს საპენსიო ფონდი მომავალშიც გეგმავს ინფორმაციული უსაფრთხოების ლიდერი ორგანიზაციის პოზიციის შენარჩუნებას საქართველოში.