თბილისი (GBC) - საქართველოში კრიპტოაქტივების მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირჟის, Bybit-ის წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა ქვეყნის ფინანსური სექტორის მაღალტექნოლოგიურ განვითარებას.

კომპანიამ საქართველოში ოპერირება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) რეგისტრაციის საფუძველზე დაიწყო.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა ქვეყანაში ინვესტორების დაცულობასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ჩვენი საფინანსო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში მდგრადობითა და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით გამოირჩევა. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდის მიღწევებს:

  • საქართველოში უკვე 3 ციფრული ბანკი ფუნქციონირებს
  • 2023 წლის შემდეგ კაპიტალის ბაზრის მოცულობა გაორმაგდა
  • იზრდება საინვესტიციო ფონდების ჯამური ზომა

ახალი პროდუქტი: Bybit Card

ღონისძიების ფარგლებში, Bybit Georgia-მ Mastercard-თან ერთად ბაზარზე პირველად წარადგინა Bybit Card. აღნიშნული ბარათი მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Bybit-ის გლობალური ყოველდღიური ბრუნვა ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია ევროკავშირში ავტორიზებული პლატფორმით ოპერირებს და საქართველოში მისი შემოსვლა ფინანსური სექტორის ამ სეგმენტში კონკურენციის ზრდასა და უსაფრთხო პროდუქტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის Pave Bank-ისა და Tether-ის წარმომადგენლები.