თბილისი (GBC) - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც 16 მარტიდან სადგური მგზავრებს სრული გრაფიკით, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქმის ათწლიანი გაჭიანურებული პროცესის შემდეგ, სადგურის გახსნის მორიგი ეტაპია.
16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ათწლეულია, სხვადასხვა გართულებისა და შეჩერებული ხელშეკრულებების ფონზე მიმდინარეობს. პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
2016-2017 წლები: პირველი რეაბილიტაცია და ინციდენტი სადგურის განახლება 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტს კომპანია „ყვარელმშენი“ ახორციელებდა. თუმცა, სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის იანვარში, სადგურში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
2022 წელი: ჩაშლილი ხელშეკრულება „მამისონთან“ ინციდენტის შემდეგ, რეაბილიტაციის ახალი ეტაპი შპს „მამისონს“ დაევალა. თბილისის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წელს გაწყვიტა, მიზეზად კი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და სამუშაოების ვადების დარღვევა დასახელდა.
2023-2024 წლები: „ბადა ქონსთრაქშენი“ და ახალი ვადები 2022 წლის 21 დეკემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“. სამუშაოების დასრულების თავდაპირველ ვადად 18 თვე, ანუ 2025 წლის დეკემბერი განისაზღვრა. თუმცა, 2024 წლის მარტში პროცესი კვლავ შეფერხდა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროების გამო.
მიმდინარე სტატუსი ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების დასრულებას 2026 წლის ზაფხულში გეგმავს. პროექტი მოიცავს როგორც სადგურის ინტერიერის განახლებას, ისე საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემების მოწესრიგებას.