თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ფინანსური სტაბილურობის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს, 28 სექტემბერს გამოქვეყნდა, ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკებად რუსეთ–უკრაინის ომი და გლობალური ინფლაციაა დასახელებული.
კერძოდ, სებ–ის ანგარიშის თანახმად, უმთავრესი რისკია რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ჩვეულებრივზე მაღალ დონეზე ნარჩუნდება გაურკვევლობა რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გამკაცრების თაობაზე. პოტენციური რისკები მეტწილად უარყოფითია. უკრაინაში საომარი ვითარების გაუარესებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეგიონში ინვესტორთა განწყობაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყება და ადგილობრივი ვალუტა გაუფასურების წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. მაღალი დოლარიზაციის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკის მატერიალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ინფლაციაზე, ასევე საკრედიტო პორტფელის ხარისხზე.
ანგარიშის თანახმად, ასევე მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ფინანსური სტაბილურობისთვის გლობალურად მაღალი ინფლაციის ფონზე წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელზე მეტად გამკაცრება. გლობალური ინფლაცია, რომლის მატება ერთი მხრივ მოთხოვნის სწრაფმა აღდგენამ, ხოლო მეორე მხრივ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქონლისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდამ და პანდემიის შედეგად მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა განაპირობა, მსოფლიო ცენტრალური ბანკების ახალ გამოწვევად იქცა. ხელფასების ზრდა ფასების ზრდას ჯერჯერობით ჩამორჩება. თუმცა ინფლაციის ყოვლისმომცველობის ზრდასთან ერთად, შესაძლოა ხელფასი-ფასების სპირალის ჩამოყალიბება, რაც ინფლაციური მოლოდინების ზრდაში აისახება და წამყვან ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის უფრო რადიკალურად გამკაცრების საჭიროების წინაშე დააყენებს. ეს კი ფინანსური ბაზრების მხრიდან რისკების გადაფასებას გამოიწვევს და ფინანსური პირობების გამკაცრებაში აისახება. შედეგად, განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს საგარეო დაფინანსების წყაროებზე წვდომა შეეზღუდებათ და საგარეო ვალის ტვირთი გაეზრდებათ.
სებ–ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც უძრავი ქონების სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. მიმდინარე წელს უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდის, ხოლო მეორე მხრივ, სამშენებლო ხარჯების მატების შედეგია. მიმდინარე ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილ რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს.
საგარეო ფაქტორების გაუარესება ანგარიშში კიდევ ერთ მნიშვნელოვან რისკად არის დასახელებული. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები განსაკუთრებით მძაფრად აისახება საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე, რადგან ისინი ან ომში ჩართული მხარე არიან, ან ამ უკანასკნელთან ახლო სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებთ. რუსეთ–უკრაინის ომის გახანგრძლივებისა და ევროპის მიერ სანქციების გამკაცრების შემთხვევაში მოსალოდნელია, უარყოფითი შედეგები ეტაპობრივად აისახოს როგორც ფულად გზავნილებზე, ასევე საგარეო ვაჭრობაზეც და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე. გაუარესებული მოლოდინების პირობებში, ფინანსურმა სექტორმა შესაძლოა საკრედიტო პირობები გაამკაცროს, რაც ეკონომიკურ სირთულეებს დამატებით გაამძაფრებს.