თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების თითქმის 4 საათიანი შეხვედრა დასრულდა. ბიზნესმენების აზრის ორად გაიყო. ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და არ სურს ახალი არჩევნების ჩატარება, ნაწილი კი ამბობს, რომ ახალი არჩევნებია საჭირო და ხელისუფლებამ სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. პრემიერმინისტრი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს - რაც ბიზნესს ძალიან ვნებს. ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა...
ახლა მე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ. პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. მე ვიცი, როგორ ვმართო აეროპორტი, მე პოლიტიკას არ ვაკეთებ, ხალხო, პოლიტიკოსი არ ვარ... პრემიერმა თქვა, რომ პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
თეა ზაქარაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა: "მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
„თბილღვინოს“ თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა: „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია სახელმწიფომ გადადგას თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები... ჩვენს სულისკვეთებას ბევრი ბიზნესმენი არ იზარებდა, თუმცა იყო არაერთი, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე და არაპროპორციულ ძალაზე“.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს რაც შეეხება, კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა: „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი, არის ვარდნა. უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რა ითქვა, ამას ვერ დამაცდენინებთ.
ჩვენი უწმინდესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს, მე ვამბობ ასევე. ჩემი მეგობარი იჯდა აქ, ზაზა ნიშნიანიძე და გახსოვთ მამამისის განუზომლად ლამაზ საღამოს „პაემანი ვერაზე“, ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს „პაემანი ვერაზე“. ერთი მხარე საუბრობს არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე მხარე ამბობს პირიქით, ეს მხარეები არ გამოვა, ჩვენ ეს დაგვემართა ერთხელ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავრობის დამსახურება, რაც არის ბიზნესის დამოუკიდებლობა. ეს დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, რადგან იმ ოთახში ისხდნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ყველაზე მთავარი, შეთანხმდნენ, რომ ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ ღია ეთერში. უკვე დაფიქსირდა სახელებიც და გვარებიც და მათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ. არის ასეთი დაპირება“, – განაცხადა პაპაშვილმა.
ენერგოეფექტური ბლოკების მწარმოებელი ქარხნის, „იტონგ კავკასუსის” გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ თქვა, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ამიტომ არჩევნებზე ლაპარაკი ზედმეტია.
„არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად”. – თქვა ადამიამ.
ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კი ასეთი რამ განაცხადა: „მეთორმეტე წელს ზოგ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენების მხრიდან მათ აღქმაში დადგა, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზირებული, სცენარი დაწერილია ჩვენს ფარგლებს გარეთ. ამ სცენარით მიდის მოქმედება, ამ სცენარით მიდის მუშაობა და ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად, შეატოვეს, იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ გამოეწვიათ ასეთი ტემპერატურის გაცხელება. ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს, იცით, ვისაც ვგულისხმობ, კონკრეტულად ოპოზიციას. იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას, რომ დღეს მაგალითად, მთავრობას, ხელისუფლებას და ზოგადად ჩვენ ყველას გვაბულინგებენ, ვითომ ჩვენ გვინდა სხვა კურსი. აქ არავის არაფერი არ უნდა, აქ უნდა ყველას მშვიდობა, რაც გამოაცხადა პრემიერმაც, რაც განაცხადა თითოეულმა ბიზნესმენმაც“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
ნოშრევან ნამორაძის თქმით, კობახიძესთან კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა.
„განვიხილეთ მთელი განვლილი გზა 12 წლის განმავლობაში, როგორ იარა ბიზნესმა და ქვეყანამ. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება, არა, პრემიერმა ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა. ჩვენი ქვეყანა არ მოასვენეს და ვერ დავისვენეთ საერთოდ. ბევრი კრიზისი გადაგვივლია და გამოგვივლია“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
ნოშრევან ნამორაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებსაც.
„ვილაპარაკეთ არჩევნებზეც. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ოთხმა დანარჩენმა პარტიამ აიღო დანარჩენი ხმები და კითხვა მაქვს, რას ნიშნავს, იქამდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე ისინი არ მოიგებენ? გამორიცხულია. 12 წელია, სიწყნარეა და სიწყნარე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
ამასთან, ნოშრევან ნამორაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიმართა: „თქვენი სიტყვა არ დაიჯერება, თქვენ მე მაბულინგებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც თქვენ მე რასაც მიშვებოდით, როგორ ატერორებდით ბიზნესს და ზოგადად მოსახლეობას, დღეს განაგრძობთ აქედან, აი აქედან, ტელევიზიიებიდან განაგრძობთ ამას. ცოდოა ეს ხალხი, დაასვენეთ, დაასვენეთ ეს ქვეყანა. 12 წელია, მაინც ეკონომიკური ზრდა არის, მაინც წინსვლაა და შესაბამისად, დღეს მაქსიმალურად მცდელობაა, რომ გადატეხონ და რამეს მიაღწიონ. არავის არაფერი გამოუვა, დღეს ბიზნესი დგას მოწოდების სიმაღლეზე. მესმის, თქვენ აბულინგებთ და ბიზნესი იმიტომ არის შეწუხებული. ამ ბულინგის მსხვერპლია ბიზნესიც. ყოველ მეორე სიტყვაში ბულინგია“.
"ჩემთვის არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყნის განვითარება, სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ და ზოგადად ეკონომიკას. სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, – ამის შესახებ „კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი არსებულ ვითარებას შეეხო.
„ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და ზოგადად სახელმწიფოს პოზიციონირობის შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა, როგორც კრიტიკული აზრი ასევე, აზრი რომელიც გააჩნია ბიზნესს... პირველ რიგში კარგია, როდესაც გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნენისს მხარეც შეხვდება პრემიერს და ზოგადად ბიზნესს, რომელიც ფიქრობს, ქვეყნის განვითარებისთვის, რა იქნება საჭირო“, – განაცხადა ჩხაიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა; „ყველა კითხვას პასუხი გაეცა, რაც ქართულ ბიზნესს აწუხებს”.
„საუბარი იყო პერსპექტივასა და მომავლის ხედვაზე, მათ შორის, ხელისუფლების კურსზე. სამწუხაროდ, მიუხედავად ბევრი განმარტებისა და ხშირი კომუნიკაციისა, ხდება აპელირება მათ შორის, ოპოზიციის ძალების თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების. პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით, რომ ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული და ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგებს, რასაც ვგეგმავთ.
შევეხეთ უკიდურეს პოლარიზაციას რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა, ბიზნესს და საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე”.
ლევან დავითაშვილმა ბოლოს დასძინა, რომ „გადაწყდა, მომავალშიც იქნება შეხვედრა იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც უფრო განსხვავებული აზრი აქვს, რათა მან მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება”.
რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა ვებგვერდი freebusiness.ge, სადაც გამოქვეყნებულია განცხადება და მოთხოვნილია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებს დროს დაკავებულების გათავისუფლება.
ამ პეტიციას 2200-ზე მეტი ბიზნესი უერთდება, მათ შორის, მსხვილი ბიზნესები: მაგთიკომი, მაკდონალდსი, PSP, სპარი, მაგნიტი, აზრი და სხვები. ვებგვერდზე შეიძლება იმ კომპანიების ნახვაც, რომლებსაც განცხადებაზე აზრი ჯერჯერობით არ გამოუხატავთ.