თბილისი (GBC) – თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი ₾2.45 მლრდ-ს მიაღწევს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით ₾700 მლნ დაიხარჯება, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი ₾535 მლნ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც ₾2 მლრდ-ს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით ₾580 მლნ-ს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.
2-მილიარდიან ბიუჯეტს ასევე, დაემატება გარდამავალი ნაშთი, რომელიც დაახლოებით ₾150 მლნ იქნება. მნიშვნელოვანია დონორებიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რისი მოცულობაც ₾100 მლნ იქნება.
საერთო ჯამში, თბილისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები შეადგენს ₾2.45 მლრდ-ს რაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული.
კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები: 700 მლნ-ს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით - ₾535 მლნ-ს“,- ნათქვამია თბილისის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ საკრებულოში თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას არ დაესწრნენ. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ კახა კალაძესთან „ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“.