თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას კრიპტო აქტივებით ვაჭრობის სახელით მოქმედი სავარაუდო „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, საკუთარი სახსრების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კომპანიებზე, რომლებიც მოსახლეობისგან ფულად სახსრებს კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით მაღალი სარგებლის მიღების დაპირებით იზიდავენ. სებ-ში განმარტავენ, რომ მსგავსი საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ ახალი წევრების ჩართვა და მათი ფინანსების მოზიდვაა.

მარეგულირებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც ახალი წევრების ან დამატებითი თანხების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, რის შედეგადაც კომპანია ვეღარ ისტუმრებს ვალდებულებებს. მსგავსი სქემების დაშლის წინასწარ განჭვრეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც მათ განსაკუთრებით მაღალრისკიანს ხდის.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ურჩევს, თანხის დაბანდებამდე დეტალურად მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადამხდელუნარიანობის შესახებ, ასევე გადაამოწმონ, რეგულირდება თუ არა ის რომელიმე უწყების მიერ.

„ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს: 'საფინანსო', 'საბროკერო', 'საინვესტიციო' და ა.შ., რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან ლიცენზირებული სუბიექტია“, - აცხადებენ სებ-ში და მოსახლეობას მოუწოდებენ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციასა და რისკების გააზრებაზე დაყრდნობით მიიღონ.