თბილისი (GBC) – Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში მას შემდეგ შეიყვანა, რაც მან მესინჯერში „მასობრივი თვალთვალისა და ცენზურის“ მოთხოვნებზე უარი თქვა.
„რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, მე ინტერნეტში ინფორმაციის გამოქვეყნება მეკრძალება. რუსმა ჩინოვნიკებმა აურიეს, ვის ვისი დაბლოკვა შეუძლია ინტერნეტში“, — დაწერა დუროვმა საკუთარ Telegram-არხში.
დუროვმა ასევე გამოაქვეყნა სურათი, სადაც თავად არის მონიშნული როგორც „ტერორისტი“, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრილი „თალიბანის“ წარმომადგენლები — „პატივცემულ პარტნიორებად“ არიან წარმოდგენილი.

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დუროვი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა. მანამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა Telegram-ის დამფუძნებელს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში წაუყენა ბრალი და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. რუსეთის უწყებების მტკიცებით, Telegram-ზე მოქმედი ზოგიერთი არხი და ბოტი რუსეთში დივერსიების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა.
დუროვმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გაავრცელა, რაც საქართველო დატოვა. Telegram-ის დამფუძნებელი ივნისში იმყოფებოდა საქართველოში – ის თბილისში ნახეს, სადაც ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრები ჰქონდა, მოგვიანებით კი ბათუმშიც გამოჩნდა. ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი არ ყოფილა.
საქართველოში ყოფნის შემდეგ დუროვმა სოციალურ ქსელებში დადებითად შეაფასა ქვეყანა და განაცხადა, რომ საქართველო „მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად“ ყალიბდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს.
