თბილისი (GBC) - ლონდონის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სამი კომპანიის სანქცირებას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ შავ სიაში მოხვედრილი სუბიექტები ქვეყანაში უკანონოდ, რეგისტრაციის გარეშე მოქმედებდნენ და ისინი ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.

თბილისის განცხადებით, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირებისთანავე, მარეგულირებელმა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლა.

„რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეებზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.

ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ მისი მარეგულირებელი ჩარჩო ბაზარზე შესვლისა და ოპერირებისთვის მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც უკანონო საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ფილტრს წარმოადგენს. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების (VASP) რეგულაციები სრულად შეესაბამება FATF-ის (ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფი) სტანდარტებს.

საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასებითაც დასტურდება, რომლის მიხედვითაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეფასებულია როგორც „მეტწილად შესაბამისი“ (largely compliant). სების განმარტებით, ანალოგიური შეფასება აქვთ გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთსაც.