თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, სების 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტაბილურია, რის გამოც გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მედეგობას ეკონომიკური ზრდის უცვლელი პროგნოზიც ადასტურებს, ხოლო გარე ფაქტორების გავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაცია მუდმივად ხორციელდება.

სების ხელმძღვანელმა ინფლაციურ დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხისტი ფასების ინდიკატორი მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნარჩუნდება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება, რაც იმპორტირებული ინფლაციის წნეხს ამცირებს.

„ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასები მიმდინარე დიაპაზონში შენარჩუნდება. შედეგად, ინფლაცია მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის განმავლობაში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს პროგნოზი პირობითია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, თუმცა შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.