თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეგულირებასა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას ისახავს მიზნად. ცვლილებები „შავ სიასთან“, დისკვალიფიკაციასა და ქვეკონტრაქტორების ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, ახალი კანონმდებლობით ერთმანეთისგან გაიმიჯნება ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედება.

მოქმედი კანონით, „შავ სიაში“ მოხვედრა სახელმწიფო კონტრაქტებზე დაშვებას ერთი წლის ვადით ზღუდავს. ახალი პროექტის მიხედვით კი, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა ორ წლამდე იზრდება. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიაზე, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზეც.

საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ეხება, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას გულისხმობს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ დადგინდება ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობის წესები, მათ შორის განისაზღვრება მათი შერჩევის, პასუხისმგებლობის განაწილებისა და კონტროლის მექანიზმები. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის შედეგად მოსალოდნელია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე მთლიანად სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა.