თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 235 100 ლარით დააჯარიმა.

რეგულატორის გადაწყვეტილებით, სანქციები შპს „ენესენ გრუპსა“ და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს დაეკისრათ.

ყველაზე მსხვილი სანქცია, 153 600 ლარის ოდენობით, შპს „ენესენ გრუპს“ დაეკისრა. ეროვნული ბანკის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი ხარვეზები:

  • ოპერაციების აღურიცხაობა: გამოვლინდა კლიენტებისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობის 19 ფაქტი (ჯარიმა 133 000 ლარი).
  • პროგრამული ხარვეზები: ორგანიზაციის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა საეჭვო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, ასევე სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) იდენტიფიცირებას.
  • წყაროების შეუსწავლელობა: ორ კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ნიკოლაძეა.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“ ეროვნულმა ბანკმა 81 500 ლარით დააჯარიმა. ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების ნუსხა ასე გამოიყურება:

  • ინფორმაციის წარუდგენლობა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გარიგებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის 25 ფაქტი (ჯარიმა 50 000 ლარი).
  • მონიტორინგის ხარვეზები: სამ კლიენტთან მიმართებით დაირღვა საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის წესი და არ იქნა შესწავლილი სახსრების წარმომავლობა.
  • სანქციების რეჟიმის დარღვევა: ორგანიზაციის პროგრამული სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებდა სანქციათა რეჟიმების შესრულების კუთხით.

საჯარო რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიის მფლობელი და დირექტორი მახარე ჯამრიშვილია.