თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე დარგის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებზე, „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, 2025 წელს ქვეყნის კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. მისივე თქმით, არსებული ტენდენციით, 2030 წლისთვის ბაზრის მოცულობა 30 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამის შედეგებზეც და აღნიშნა, რომ 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, დღეისათვის ექსპორტი 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ეს მოცულობა მხოლოდ რამდენიმე დასახელების პროდუქტს ეყრდნობა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად ზრდისა, ქვეყანა ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა, საექსპორტო ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება.