თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დანაშაულის 3 ფაქტის გამოვლენაზე აცხადებს..

პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღებას. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია ორი პირი. კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეჰპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.

მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მე-2 მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი დანაშაულია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დავაკავეთ სამი ადამიანი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან, სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აფთიაქის ხელმძღვანელს დახმარებას უწევდა ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი და თანხა.

გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 25-192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

რაც შეეხება მესამე ფაქტს. ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებთ ფინანსურ სექტორს ციფრულ სივრცეშიც, სადაც უკონტროლო ნაკადები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი.

ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქცია შეასრულა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.

გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.