თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ინფორმაციით, 2024 წელს ჯგუფის მდგრადი სესხების პორტფელი ₾1.733 მლრდ იყო. ეს მაჩვენებელი წლიურად 40.3%-ით გაიზარდა. 

საანგარიშო პერიოდში, პორტფელის ყველაზე დიდი წილი სების მიერ განსაზღვრულ სოციალურ ტაქსონომიაზე მოდიოდა. კერძოდ, ტაქსონომიის პორტფელი ₾574 მლნ იყო, წლიური ზრდით 184%.

პორტფელში მეორე ყველაზე მსხვილი კომპონენტი განახლებადი ენერგიის დაკრედიტება იყო, ₾415 მლნ-ის ოდენობით, რაც წლიურად 14%-ით ნაკლებია.

მესამე ყველაზე მსხვილი დაკრედიტება კი სების ტაქსონომიით განსაზღვრულ მწვანე სესხებზე მოდიოდა. პორტფელმა 2024-ში ₾221 მლნ შეადგინა, რაც 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

TBC-ის განცხადებით, თიბისი აქტიურად ახორციელებს მწვანე სახსრების მობილიზაციას პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, რათა ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში ენერგოეფექტურობის, რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით.

ეს ფინანსური რესურსები, მათი თქმით, დაეხმარება ადგილობრივ ბიზნესებსა და შინამეურნეობებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები მაღალი წარმადობის ტექნოლოგიებში ინვესტირებით და ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვით.

გარდა ამისა, დაფინანსებას თან ახლავს ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომლებიც სესხის მიმღებებს შესაბამის ცოდნასა და ტექნიკურ ექსპერტიზას სთავაზობს და უზრუნველყოფს, რომ მათი მწვანე ინვესტიციები წარმატებით განხორციელდეს.

რამდენიმე მწვანე დაფინანსების პროგრამა ასევე ითვალისწინებს გრანტის სახით წახალისებას.

ჯგუფის ცნობით, 2024 წლის ბოლოსთვის თიბისის აქტიური მწვანე დაფინანსების პორტფელი შეადგენდა დაახლოებით ₾960 მლნ-ს, საიდანაც ₾460 მლნ-მდე 2024 წლის განმავლობაში მოიზიდა ისეთ ხანგრძლივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა EIB, EBRD, GGF, IFC და DEG.

TBC Bank-ს ასევე გააჩნია სხვადასხვა გარანტიის მექანიზმები, რომლებიც განსაკუთრებით კონცენტრირებულია სტარტაპებზე, ქალ მეწარმეებზე და რეგიონალურ მეწარმეებზე. ეს რისკის გაყოფის ინსტრუმენტები ნაწილობრივ ცვლიან უზრუნველყოფას და აძლევენ საშუალებას ბანკს გააფართოოს დაფინანსების ხელმისაწვდომობა ნაკლებად წარმოდგენილი სამიზნე ჯგუფებისთვის, რითაც მათ ზრდისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. სოციალური გარანტიების პორტფელი 2024-ში ₾28 მლნ (-12.5%), ხოლო მწვანე გარანტიების პორტფელი კი ₾98 მლნ იყო, რაც 2023-ში საერთოდ არ ჰქონდა.