თბილისი (GBC) – საქართველოს განათლების უკვე ყოფილ მინისტრს გიორგი ამილახვარს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე 4–წლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის და კერძო სექტორში წარმატებებს უსურვებს. 

მანამდე, 28 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება.

როგორც ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესა და გუნდის წევრებს სთხოვა, 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო.

„მოგეხსენებათ, 2020 წელს შევუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას. პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. ხოლო, მე როგორც აღვნიშნე, ვიქნები კერძო სექტორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.

პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

„მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.