თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) 3Q-ში ₾347 მლნ-ის წმინდა მოგება დააფიქსირა, რაც 16%-ითაა გაზრდილი (y.y). ამავე პერიოდში ბანკის კაპიტალის სარგებლიანობის მაჩვენებელი (ROE) 26.6%-ს შეადგენდა (-1პ.პ y.y). 2024 წლის მესამე კვარტალის ფინანსური შედეგების შესახებ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, განაცხადა და აღნიშნული პერიოდი ბანკის წარმატებით დასრულებულ პერიოდად შეაფასა. 

ბუცხრიკიძის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია უზბეკეთის ბაზარზე თიბისის ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის როლი, რომელიც ჯგუფის საოპერაციო შემოსავლის 15%-სა და მოგების 9%-ს წარმოადგენს. ამასთან, ჯგუფის თვეში აქტიური ციფრული მომხმარებლების (MAU) რაოდენობა 5.9 მლნ-მდე გაიზარდა, რაც წლიურად მაჩვენებლის 30%-იანი ზრდაა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ჯგუფის ტექნოლოგიური გამოცდილების გამოყენებას საუკეთესო ხარისხის საბანკო და ფინანსური მომსახურების შესაქმნელად, გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ახალ პროდუქციაზე, Salom Card-ზე, რომელიც უზბეკეთის ყოველდღიური ბანკინგის ბაზარზე ახალ სტანდარტს შექმნის. Salom Card მომხმარებლებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც აქამდე ბაზარზე მიუწვდომელი იყო, ხოლო სრულად ციფრული ინტერფეისი კი თიბისის მობილური აპლიკაციით იქნება ხელმისაწვდომი“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, TBC PLC ასევე გეგმავს საკრედიტო ბარათებისა და MSME ტრანზაქციული ბანკინგის სრულყოფილად დანერგვას უზბეკეთის ბაზარზე, რომლებიც წლის ბოლომდე სრულად გაეშვება.