თბილისი (GBC) - TBC Capital-ის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის კვლევის თანახმად, 2025 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის ივლისში.
საინვესტიციო კომპანიის ანალიზით, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, წლიურად 27%-ით გაიზარდა მომხმარებლების დანახარჯები და 1 ტრანზაქციაზე საშუალოდ 409 ლარი შეადგინა.
TBC Capital-ის ცნობით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯები იყო. კერძოდ,მიმდინარე წლის ივლისში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასტუმროებში რეზიდენტების საშუალო უნაღდო დანახარჯი 10%-ით 169 ლარამდე გაიზარდა, არარეზიდენტების უნაღდო ტრანზაქციებში კი ზრდა 32% იყო. შესაბამისად, საშუალო ხარჯი 606 ლარს გაუტოლდა.