თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე, ოთხშაბათს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს.

"ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოცნება განათლების რეფორმაზე, მიმდინარე წლის 20 იანვარსაც საუბრობდა.

"იქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს, რომ 4 წლის პერსპექტივაში თვისებრივად გარდაიქმნას საუნივერსიტეტო სისტემა", - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

ანალოგიურ რეფორმაზე ირაკლი კობახიძე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ განათლების რეფორმა „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია“ და რომ „განათლების სისტემა გარე დავალებით წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო“, - ამბობდა მაშინაც პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფი ირაკლი კობახიძე.

კობახიძე ირწმუნებოდა, რომ „თსუ–ში პროფესორების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და არ აქვთ კვალიფიკაცია“.

11 თვეში საქართველოს განათლების მინისტრი ორჯერ შეიცვალა. პირველად, 2024 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც  აღნიშნულ პოსტზე 9 თვით ალექსანდრე წულაძე მოგვევლინა. განათლების ბოლო მინისტრის, გივი მიქანაძეს დანიშვნიდან კი ჯერ არშემდგარი 2 თვეა გასული. მან მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიკავა.