თბილისი (GBC) – ტრანსნაციონალურმა კორპორაციამ Visa რუსეთში ორი სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირებაზე განაცხადი გააკეთა, რამაც ამ ქვეყნის ბაზარზე კომპანიის დაბრუნების ეჭვები გააჩინა, წერს გამოცემა Big News Network.

კორპორაციის განაცხადები ადგილობრივმა მედიამ რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის რეესტრში აღმოაჩინა. სავაჭრო ნიშნები მოიცავს Visa–ს კლასიკურ ლურჯ ლოგოტიპს და მის კიდევ ერთ ვარიანტს – ყვითელი და ლურჯი ზოლებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენამ რუსეთის ბაზარზე კორპორაციის ახლო მომავალში შესაძლო დაბრუნების შესახებ ჭორები ააგორა, ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

რუსეთის რეესტრში კომპანიის ლოგოტიპების გამოჩენის მიზანი შესაძლოა ბრენდის მიტაცებისგან თავის დაზღვევაც იყოს.

Visa–მ და მისმა კონკურენტმა MasterCard რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირება 2022 წელს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. კომპანიების მიერ მანამდე გამოშვებული საბანკო ბარათების მომსახურება ამის შემდეგ ნაციონალურმა საგადახდო სისტემამ ითავა. თუმცა, ამ ბარათების მფლობელები საზღვარგარეთ ოპერაციებს ვეღარ ასრულებდნენ.