თბილისი (GBC) - საქართველოში 9 ოპოზიციური პარტია „ოპოზიციურ ალიანსს“ აფუძნებს. ორშაბათს, გაერთიანებამ უკვე გამოაქვეყნა ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენაა.

ახალ პოლიტიკურ ერთობაში გაერთიანდნენ:

  • „ახალი“ (კოალიცია ცვლილებისთვის)
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“
  • „დროა“
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • „ევროპული საქართველო“
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • „ფედერალისტები“
  • „თავისუფლების მოედანი“
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“

ალიანსის პრინციპები და „ქცევის კოდექსი“

ხელმომწერი სუბიექტები თანხმდებიან, რომ შეინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა იმოქმედებენ ერთიანი საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიით. დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი ეფუძნება სამ ძირითად სვეტს:

  1. ერთობა ერთფეროვნების გარეშე: იდენტობის შენარჩუნება ერთიანი მიზნისთვის.
  2. დემოკრატიული ალტერნატივა: გადაწყვეტილების მიღება თანასწორობის პრინციპით.
  3. პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება.

გარდა ამისა, პარტიებმა მიიღეს „ქცევის კოდექსი“, რომელიც აწესრიგებს მათ შორის ურთიერთობას და აწესებს პასუხისმგებლობას წესების დარღვევისთვის. ალიანსი პოზიციონირებს, როგორც "ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივა“ საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც.

ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებას არ უერთდება

ალიანსის მიღმა დარჩნენ ისეთი ოპოზიციური პარტიები, როგორიცაა:

  • „ძლიერი საქართველო – ლელო“: პარტიაში მიიჩნევენ, რომ „ყველას ერთ ქვაბში მოქცევა“ მხოლოდ მმართველი გუნდის ნარატივს აძლიერებს. მათი თქმით, ისინი დამოუკიდებელ სუბიექტად რჩებიან და მზად არიან კოორდინაციისთვის მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე.
  • „გახარია – საქართველოსთვის“: პარტიაში გაერთიანებას მკვეთრად აკრიტიკებენ. დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, ისინი არ განიხილავენ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისგან გამოყოფილ ჯგუფებთან, რადგან მსგავსი ერთობა „ოცნების“ პროპაგანდისთვის გაკეთებული საჩუქარია.

ფოტო: პუბლიკა