თბილისი (GBC) - გიორგი გახარიამ დღეს, 14 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება და ის პროცესები, რომლებიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყებაა". პარტია "გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის დუმილზეც და აღნიშნა: „საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს. იმიტომ, რომ ეს ხალხი არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება აფხაზეთში. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს და თითოეულ პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში“, – თქვა დღეს გიორგი გახარიამ.
ექსპრემიერის აზრით, „ქართულმა ოცნებამ” „სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა რუსეთის ამ ქმედებებს“.
გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. კერძოდ, როდესაც "ოცნების" დამფუძნებელმა წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა, რომ „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის არაერთი სამტკიცი” არსებობს“. კამპანია, რომ აგვისტოს ომის მთავარი დამნაშავე ენმ-ის ხელისუფლება და ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ივანიშვილმა და მმართველი პარტიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გაიმეორეს.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდიდან იმეორებს, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებენ“ და რომ რუსეთის სანქცირების მოთხოვნა მმართველი პარტიის კრიტიკოსების მხრიდან სწორედ „მეორე ფრონტის“ გახსნას ემსახურება.
გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთის ფედერაცია ითხოვს ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულების ხელმოწერას“.
"საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას", - თქვა ექს–პრემიერმა.
გახარია ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების გამო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნა.
„ეს არის აღიარების პროცესის დაწყება. თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს აფხაზეთში ხდება.
საბოლოო ჯამში, „ოცნება“, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში.
ოფიციალურად, ივანიშვილს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რამე შეთანხმებას ან პროგრესს მიეღწია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთთან, არ გააჩნია. ერთადერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნიათ, არის რაც შეიძლება მეტი რუსული ფული აკეთონ.
მერწმუნეთ, რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი.
აშკარაა, რომ ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები იმით, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო“, – თქვა გიორგი გახარიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების 5-6 ნოემბრის რაუნდის დასრულების შემდეგ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდა.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან „შემრიგებლური” სიგნალები „პრაქტიკულ განზომილებაში” უნდა გადაითარგმნოს, რაც, მათი თქმით, პირველ ყოვლისა მოიცავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „საზღვრების” დელიმიტაციისა და შემდგომ დემარკაციის პროცესს.
რაც შეეხება აფხაზეთს – აქ 15-16 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა მოახდინოს აფხაზეთის „მთავრობასა“ და რუსეთს შორის გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაცია. შეთანხმება უცხოელებისთვის, ანუ რუსეთისთვის მიწის ყიდვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.
„შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგება, წყალმომარაგება, სითბოს მიწოდება, ტრანსპორტი, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურა”, – თქვა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ერთ ამ პროცესზე განცხადება არ გაუვრცელებია. კომენტარი პრემიერ-მინისტრსაც არ გაუკეთებია.
რა ხდება დღეს აფხაზეთში?
ადგილობრივი მოსახლეობის კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი ღელავს იმის გამო, რომ რუსი ბიზნესმენები მთელ აფხაზეთს იყიდიან და ამით მის „სუვერენიტეტს“ ფაქტობრივად გააქრობენ.
სოხუმში სულ უფრო აქტიურად აკრიტიკებენ მოსკოვს აფხაზეთზე ზეწოლის გამო. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ერიკ რშტუნიმ, კან კვარჩიამ, ნაურ ნარმანიამ და დემურ გოგიამ სოხუმში, სასტუმრო „ატრიუმ–ვიკტორიაში“ საზოგადოებასთან 13 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ კენჭისყრაზე ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ მისცემენ ხმას.
ამასთან, 2025 წლის პირველ ნახევარში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ექსპერტების აზრით, თუ ე.წ. ხელისუფლება და მისი ოპოზიცია უახლოეს პერიოდში არ მივლენ რაიმე კომპრომისამდე, პროტესტი შესაძლოა „სახელმწიფო გადატრიალებაში“ გადაიზარდოს.
ამასობაში, აფხაზეთში ელექტროენერგიით მომარაგება კიდევ ერთი საათით შემცირდა.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელეს. შედეგად დევნილად იქცა ათობით ათასი ქართველი მოქალაქე. მოგვიანებით კრემლმა ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს.