თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 6 თებერვალს მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრის, აზიზ ნასირზადეს ხელმძღვანელობით. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება

შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს მრავალ წერტილში ომები და კონფლიქტები გრძელდება, თუმცა, აზერბაიჯანის ინიციატივის წყალობით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უკვე დამყარდა. მან გამოთქვა რწმენა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის, რომელიც ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს, ისე სომხეთს.

„ჩვენ გვსურს მშვიდობა მთელ მსოფლიოში, სისხლის ღვრისა და ომების გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი ომიდან მშვიდობაზე წარმატებული გადასვლის მაგალითია.

ამასთან, ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზად არის აღმოუჩინოს მხარდაჭერა დაძაბულობის დეესკალაციის პროცესს.