თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიების ფარგლებში, მილანში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საუბრისას აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გააკეთეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შედგა მათი კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრებიც. კერძოდ, მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება საზეიმო ვახშამს, რომელიც იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი წელს იტალიაა, სადაც მსოფლიო ლიდერები სპორტული ღონისძიების პარალელურად არაოფიციალურ დიპლომატიურ შეხვედრებს მართავენ.