თბილისი (GBC) – აშშ–ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია.

კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ.

„პუტინმა გამოიყენა ეს კანონი, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცებინა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდება წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტი სამშაბათის სესიაზე უმრავლესობის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. სასესიო განხილვა ორი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. პირველი აქცია 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე – 19:00 საათზე.

„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „აგენტების“ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროს დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელი გააძევა, საბოლოოდ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.