თბილისი (GBC) - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.

კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. დოკუმენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 24 თებერვალს შევიდა განსახილველად.

კანონპროექტი ავალდებულებს შესაბამის უწყებებს, მოამზადონ სრულყოფილი ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოში უცხოური სახელმწიფოების სადაზვერვო აქტივების მასშტაბებსა და მათ გავლენას ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე.