თბილისი (GBC) - გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტის დასანქცირების საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. ელჩის განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას თან ახლდა მტკიცებულებათა პაკეტიც, რომელიც პორტის მხრიდან რუსულ „ჩრდილოვან ფლოტთან" კავშირს ასაბუთებდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე ფიშერმა აღნიშნა, რომ სანქციების ვრცელი პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობისა და მისი მიმღები პორტების წინააღმდეგ იყო მიმართული, უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ჩავარდა.

ელჩმა კრიტიკულად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მოკავშირეობა უნგრეთთან და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ქვეყანამ დაბლოკა ყულევის პორტთან დაკავშირებული სანქციები. „უნგრეთი არის თქვენი "საუკეთესო მეგობარი" ევროკავშირში, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია მოკავშირედ - კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს [გაწევრიანება] ასე არ მოხდება", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი სანქციების დაწესებისას მხოლოდ ვარაუდებით არ ხელმძღვანელობს და ყულევის შემთხვევაშიც წარმოდგენილი იყო კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა პროცესი ორი ქვეყნის პოზიციამ შეაფერხა.